როცა მიფერფლილი ყვავილები ახალ სიცოცხლეს იძენენ – ხელოვანი, ნატვრისთვალზე ფიქრით და პატრიარქის გახარების სურვილით

თბილისის  142ე საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ – იაკობ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯში ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამას მოჰყვა სამხატვრო აკადემია თეარის მხატვრობის განხრით.
„მყავს სამი პაწაწუნა შვილი, ამასთან ერთად, სულ ვცდილობ (მიუხედავად იმისა, რომ დრო საერთოდ არ მაქვს), ყველაფერი, ყველა სფერო მაინტერესებს, რაც ეხება ხელოვნებას. ცხოვრების ყველა ეტაპზე ვცდილობ, რაღაც სიახლე შევმატო ჩემცხოვრებას, რაც ძალიან მაბენიერებს. იმუშავე მოქანდაკესთან, კერამიკოსთან, დიზაინერთან, მხატვრებთან, თეატრის და კინოს მოყვარულებთან. რაც მთავარი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი.
ამჟამად ვსწავლობ თექას, ქარგვას, თუშურ ჩითს და დაინტერესებული ვარ ქართული ტრადიციული სამოსით“…
რაც შეეხება ეპოქსიდით და გამომშრალი ყვავილებით შესრულებულ  ნამუშევრებს, ამბობს, რომ უზომოდ სასიამოვნო პროცესია, როცა უკვე მიფერფლილი ყვავილები ახალ სიცოცხლეს იძენენ და ჩებიან უკვდავნი. „შეიძლება ამ პატარა ყელსაბამებში არ ჩანს, მაგრამ თითო კომპოზიციაზე შეიძლება ნახევარი დღე ვიფიქრო. არის ჩემი სულიერი სიმშვიდე“. – მხატვარ ნინო ცხვარიაშვილის პერსონა.

– ბავშვობა ჩემთვის ის სამყაროა, რომელსაც თავი ვერ დავაღწიე. თუ ზოგჯერ რაღაც მღლის და თითქოს თავის აზრს კარგავს, ყოველთვის ვიხსენებ იმ ფერად დღეებს, თბილს, მზრუნველს, უზრუნველს, უამრავი ადამიანის ამაგს, ჩემს თავს, როგორც რაღაც სიტუაციებში გამარჯვებულს (მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი), ვიხსენებ იმასაც, როგორ ვებრძოდი ჩემს თავს, რომ რაღაცები, რაც არ მომწონდა, გამომესწორებინა (მაგალითისთვის, ვიყავი უზომოდ მორცხვი და მორიდებული).
ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი ბავშვობა პატარა ზღაპრად ვაქციე, საიდანაც როცა მჭირდება, მაგალითებს ვიღებ და ვაგრძელებ დანარჩენ ცხოვრებას. ძალიან მიყვარს მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე. პირველივე ნახატის შემდეგ რაც ვნახე, ვაგრძელებ აღფრთოვანებას და სულ ვფიქრობ, ჩემს პატარა ბავშვობის ზღაპარს სიამოვნებით გავაფორმებდი მისი ნახატებით.
– იაკობ ნიკოლაძის კოლეჯში ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობით, შემდეგ – სამხატვრო აკადემიაში, თეატრის მხატვრობის განხრით. რა დაგამახსოვრდათ ამ პერიოდიდან?
– ეს ორი პერიოდი იყო სასწაული! – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ისეთი მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ამ პერიოდში ცხოვრების გზაზე შემხვდა, მასწავლებლებიდან დაწყებული მოსწავლეებით და თვით დარაჯით დამთავრებული, რომელიც საოცარი ადამიანი იყო. შეიძლება ჩემგან სასწაული ფერმწერი ან თეატრის მხატვარი არ გამოვიდა, მაგრამ მათ მე სასწაულ სამყაროში მამოგზაურეს – ფერების, ფორმების, ხაზების…
თამამად შემიძლია ვთქვა, ახლიდან დავიბადე და სულ გაოგნებული ვიყავი და ვარ, რომ არსებობენ ასეთი ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ქმნიან უამრავ მშვენიერებას და გულდაწყვეტილი ვარ, რომ მათ ფაქტობრივად არავინ იცნობს და სრულიად დაუფასებლები არიან.
იყო ყველაზე ლამაზი დღეები, როცა ბატონმა გიგა ლაპიაშვილმა შექმნა სტუდენტური მარიონეტების თეატრი, ჩვენ ვიყავით მსახიობები, ვმონაწილეობდით კოსტიუმების, სცენის დეკორაციის შექმნაში, პირველი სპექტაკლი გვქონდა „მაკბეტი“ (მე ვიყავი ქალბატონი მაკბეტი), შემდეგ ბატონი კლაუს ჰიპის და ბატონი გიგა ლაპიაშვილის დახმარებით, წავედით პატარა გასტროლზე გერმანიაში და მიუნხენის თეატრში ვითამაშეთ რამდენიმე სპექტაკლი, ვიყავი გერმანიაში ,ოპერის თეატრში დამხმარედ (კოსტიუმების მკერავად, დეკორატორად). ესეც – აკადემიიდან ბატონი გიგას დამსახურებით. ალბათ რომ ვილაპარაკო, ვერასდროს დავიოკებ იმ ემოციებს, რაც ამ წლებში დამიგროვდა. ეს იყო ყველაზე ფერადი, ყველაზე საოცარი წლები ჩემს ცხოვრებაში.
– ხელოვნება გიყვართ და სხვადასხვა გატაცება გქონდათ…  პირველი ნამუშევრები…
– ჩემი პირველი ხელნაკეთი ნივთი, მამიდას რომ საკაბე დავუჭერი და ბაფთა შევუკერე, ის იყო. ძალიან მიყვარდა ლამაზი ქვების შეგროვება, პატარა რომ ვიყავი, ტყეში დავდიოდი და მინერალების ან განსხვავებული ფერის ქვების დაგროვების შემდეგ ჩემი ოცნების სახლებს ვაწყობდი. უფრო სერიოზული ხელნაკეთი ნივთების დამზადება ხატვასთან ერთად მოვიდა, როცა ჩარჩოებს ვაწყობდი სხვადასხვა მასალით, დავიწყე ხატვა სხვადასხვა საგნებზე და მერე გავაფორმე.
ეპოქსიდით და გამომშრალი ყვავილებით ქმნით ლამაზ ხელნაკეთებს…
– ეპოქსიდი დროის გაჩერების საუკეთესო საშუალებაა! აქ დრო სამუდამოდ იყინება. ჩემს შვილებთან ერთად დავდიოდი სასეირნოდ ბუნებაში (საერთოდ ძალიან შემგროვებელი ხასიათი მაქვს), ვაგროვებდით კედრის გირჩებს (სასწაული ფორმა აქვს), რკოებს, მინდვრის ყვავილებს, რაც ფერადია – ყველაფერს. მეზობელს ქათმები ჰყავდა და ერთხანს დავიწყე ბუმბულების შეგროვება. ბავშვებიც ბედნიერები იყვნენ, ლამაზ ბუმბულს თუ ნახავდნენ, ბედნიერები მოარბენინებდნენ, თითქოს დედას ნატვრისთვალი უპოვეს.
ყვავილებს ვინახავდი წიგნებში, მოკლედ, იმდენი რამე შევაგროვეთ, პატარ-პატარა სუვენირებს ვაკეთებდით და მეზობლებს, მეგობრებს ვჩუქნიდი. ასე მახსოვს, ძალიან გადაღლილი ვიყავი, თითქოს ყველაფერი ერთფეროვანი იყო, აღარც მუზები, აღარც დრო არაფრის და… მეუღლემ მითხრა, რომ იყო ასეთი მასალა – ეპოქსიდის წებო, სადაც შეიძლებოდა დეტალების მოთავსება და იყო გამჭვირვალე, როგორც მინა, აი, იქიდან დაიწყო ჩემი მუზები და აღმაფრენა, ყველა შეგროვილმა დეტალმაც თავისი დანიშნულება იპოვა…
– როგორ ქმნით დიზაინს? შთაგონება?.. საინტერესოც გექნებათ მოსაყოლი…
– შთაგონება არის მთავარი, ხასიათი, განწყობა, მუზა… ფერების შეხამება, წყობა, თითქოს ქაოსი, მარა სიმშვიდეც.
ერთი რაც ამ წუთას მახსენდება: გავაკეთე რამდენიმე კომპოზიცია და უზომოდ კმაყოფილი ვარ, დავდე გასაშრობად… მეორე დღეს ვხედავ, ჩემი ყვავილების ნაწილი იატაკს ამშვენებს (ბავშვს დააინტერესა და ხელი რომ მოჰკიდა, ნახევარი გადმოეღვარა). თავიდან გავბრაზდი. მაგრამ მერე რომ დავაკვირდი, ყველაზე ლამაზები ისინი გამოვიდნენ… თითქოს ყვავილები აპირებდნენ იქიდან ამოძვრომას …
–  რომელი ყვავილები მოგწონთ მუშაობის დროს? ალბათ ვარდი და გვირილა ძალიან ლამაზია…
– უფრო მინდვრის ყვავილების მოყვარული ვარ. არასდროს  მიყვარდა ვარდები. თუმცა, რა თქმა უნდა, „არ მიყვარს“ გადაჭარბებული ნათქვამია, უფრო უპირატესობას ვანიჭებ (ვარდებს რომ არ ეწყინოთ), იმერეთში ვიყავი, სადაც უამრავი ყვავილი შევაგროვე, გასაშრობად რომ ჩავდე, ძალიან ბევრმა საერთოდ დაკარგა თავისი თავი და ფორმა, თუმცა ეპოქსიდმა ისე გამოაცოცხლა, ყველაზე მეტად ახლა ისინი მომწონს…
– სწავლობთ თექას, ქარგვას, თუშურ ჩითს და დაინტერესებული ხართ ქართული ტრადიციული სამოსით...
– ეს არის სასწაული პროექტი, რომელსაც აფინანსებს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ეს პროექტი არის მრავალშვილიანი დედებისთვის და მათი შვილებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ საქმე და შემოსავალი. ასევე  ახლოს იყვნენ თავის შვილებთან.
პირველად რომ გავიგე ამ პროექტის შესახებ, ძალიან ამაყი ვიყავი, რომ მოვხვდი იმ სიაში, რასაც მრავალშვილიანი დედა ჰქვია და რატომაც არ უნდა მეცადა? ეს არის საოცარი საქმე და ამით მე თქვენ გადაგამისამართებთ ჩემს მასწავლებელთან, ქალბატონ ანა მაისურაძესთან (ეს ქალბატონი არის მართლაც საოცრება)! ეს არის ადამიანი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, მაგალითია ბევრისთვის, უნიჭიერესი ადამიანი, მასთან ურთიერთობა ჩემთვის მუდამ რაღაც ახლის აღმოჩენაა….თექას აქვს დიდი გასაქანი და ბევრი კიდევ მოსაძებნი,  უზომოდ საინტერესოა და ჩვენ – გოგოები ამ ჯგუფს ვეძახით „თექა თერაპიას“. თვითონ მატყლთან ურთიერთობა ძალიან სასარგებლოა, გეტყვით, რომ ძალიან ამშვიდებს, გეგმა  უამრავი მაქვს, ამჯერად ძალიან მინდა პატრიარქისთვის შევქმნა ისეთი ნამუშევარი, რომელიც გამოხატავს ჩემს მადლიერებას და სიყვარულს მისდამი.
– როგორ გეხმარებიან ოჯახის წევრები თქვენს საქმიანობაში?
– ეს ცოტა რთული თემაა. ვფიქრობ, ხელოვანი ადამიანის გაძლება არაა ადვილი, მითუმეტეს, თუ მიზნები და პროფესიები სხვაა, თუმცა სიყვარული ყველაფერს აბალანსებს.
ჩემთვისაც საკმაოდ რთულია, მყავს ამხელა ოჯახი და გამუდმებით ვფიქრობ ჩემს საქმეზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შუა გზაში მიტოვებული მრჩება. ეს ყველაფერი უზომოდ დიდ დროს  და სივრცეს მოითხოვს, სადაც ფიქრის საშუალება გექნება, მე ჩემს თავს ღამურას ვეძახი, როცა ყველა იძინებს და ყველაფერი ჩუმდება, მე მაშინ ვიწყებ ახალ ცხოვრებას, ოჯახის წევრებიც ცდილობენ, როგორც შეუძლიათ, გვერდით დამიდგნენ და ყველა ჩემს წამოწყებას ფრთები შეასხან.
– ჰობი…
– ჰობი… რომ ვთქვა რაიმე ამოჩემებული, ალბათ ეს ჩემს ხასიათში არ არის. სულ მექნება ინტერესი. ამიტომ ვიტყოდი ასე:უამრავი ჰობი მაქვს….
– სამომავლო გეგმები…
– გეგმები…. უამისოდ ვერ წარმომიდგენია არსებობა! ერთი რაღაც რომ მთავრდება, სწრაფად ვიწყებ მეორის მოფიქრებას და დაგეგმვას და ეს მაბედნიერებს. ჯერჯერობით ჩემი გეგმები ყვავილებს და თექას უკავშირდება, თუმცა ამ კოლეჯს აქვს რამდენიმე შეთავაზება. ეს არის: ხეზე ჭრა, მინა, ქარი, კერვა. მინდა, რომ აქაც მოვსინჯო თავი, როგორც ჩემი დავითი იტყის: „სწავლა სიბერემდეო“.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები