ქარელის რაიონში, ,,დედოფლის გორაზე“ ექსპედიცია მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ქარელის რაიონში, ,,დედოფლის გორაზე“ ძვ.წ. IV ათასწლეულის – ახ.წ. VI საუკუნით დათარიღებულ მრავალფენიან ძეგლს შეისწავლის. არქეოლოგიური გათხრების შედეგად „დედოფლის გორაზე” სამეფო სასახლე გამოვლინდა, რომელიც ძვ.წ. II – ახ.წ. I საუკუნეებით თარიღდება. სასახლის გარდა, აღმოჩენილია დარბაზები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მრავალფეროვანი კერამიკული ჭურჭელი, რკინის შამფურები, ბრინჯაოს სასწორი და სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტი. სავარაუდოდ, ძეგლი ახ.წ. 80 წელს ძლიერი მიწისძვრის დროს განადგურდა.
ბორცვის შესწავლა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ექსპედიციამ ანტიკური ხანის და ადრე შუა საუკუნეების „სასახლის“ დიდი კომპლექსის ნაშთები აღმოაჩინა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო პროექტი 2013 წელს დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა არქეოლოგიურ ნამოსახლარზე კულტურული ფენების შესწავლას. არქეოლოგიურ სამუშაოებში ქართველ და იტალიელ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის სტუდენტები. საქართველოს მხრიდან ძეგლის კვლევას იულონ გაგოშიძე ხელმძღვანელობს, იტალიის მხარეს კი კა-ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი ელენა როვა უძღვება. პროექტის მხარდამჭერია გელათის მეცნიერებათა აკადემია.
ამ დროისათვის გამოვლენილია ანტიკური, ადრერკინის, გვიანბრინჯაოს და ადრებრინჯაოს ხანის ფენები. იკვეთება ადრერკინის ხანის, ქვით ნაშენი გალავნის ნაშთები. სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა ოქროს ღილაკი, ქვევრის ფრაგმენტები და სხვა.