ახალგაზრდა კინომოყვარულთა XIV საერთაშორისო ფესტივალი “თბილისური აისი” გაიხსნება

11-14 ნოემბერს ეროვნულ სასახლეში მეთოთხმეტედ საზეიმოდ გაიხსნება ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნლი სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, რეგულაციებიდან გამომდინარე, ღონისძიებაში მონაწილეობას 29 ქვეყნის წარმომადგენელი ონლაინ მიიღებს. ესენია: საფრანგეთი, ბელგია, ბულგარეთი, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, მექსიკა, უკრაინა, ირანი, სომხეთი, პერუ, ნიგერია, ჩინეთი და ა. შ. ხოლო საქართველოდან ქუთაისის, ხონის, ბათუმის, თბილისის, ხარაგაულის, თერჯოლის, შუახევის, ახალქალაქის, გარდაბნის, მარნეულის, ხულოს, კასპის, თელავისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები. ოთხი საფესტივალო დღის განმავლობაში, ნაჩვენები იქნება კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 85-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც სპეციალური ჟიური შეაფასებს.

ფესტივალის ფარგლებში ფართომასშტაბიანი და საინტერესო პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ფილმების თემატიკა თავისუფალია, ავტორები 8-დან 21-წლამდე მოზარდები არიან. ფესტივალის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, მათ შორის შემოქმედებითი კონტაქტების განმტკიცება, აზრთა და ხედვათა ურთიერთ გაზიარება, კონცეპტუალურ-ანალიტიკური აზროვნების დონის განვითარება და სხვ, ეს იქნება ინტენსიური კულტურული პროგრამა, რაც უცხოელი ბავშვებისთვის ქართული კულტურის გაცნობას, დამეგობრებას, კულტურის, სპორტისა და განათლების საკითხებში პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო სამეგობრო წრის გაფართოებას გულისხმობს. .

კინოჩვენებებისა და დისკუსიების გარდა საფესტივალო პროგრამა მოიცავს მასტერკლასებსაც. მოწვეული იქნება კინორეჟისორი ლალი კიკნაველიძე ფილმით „კახეთის მატარებელი“ და მთავარი როლის შემსრულებელი მიშა გომიაშვილი. 2021 წლის ფესტივალის ჟიური დაკომპლექტებული იქნება როგორც ახალგაზრდებით, ასევე პროფესიონალებით, რომლებიც გამოავლენენ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ ფილმებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: კინოკრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე, კინომცოდნე მარინა კერესელიძე, კინორეჟისორი და მხატვარი გია კერესელიძე, კინომოყვარულთა საერთაშორისო ფედერაცია „უნიკის“ საპატიო წევრი, ბელგიელი კინომცოდნე ბატონი იუჯი ვან გული, უკრაინელი კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი ქალბატონი სვეტლანა კალცოვა და კინოჟურნალისტი ნანა ღონღაძე. პრიზები გაიცემა სტანდარტულ კატეგორიებში: გრანპრი, საუკეთესო მსახიობი ბიჭი/გოგო საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო სცენარი, და სხვ. ფესტივალის საზეიმოდ დახურვის ცერემონიალზე გამარჯვებულს სპეციალური გრან -პრი გადაეცემა. ასევე გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები