სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის – ბექა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.
სუს-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს „კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს“ (CISA) წარმომადგენლებთან.
“მხარეებმა განიხილეს უწყებებს შორის კიბერინციდენტებზე ინფორმაციის გაცვლისა და საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებული რეაგირების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, კიბერმედეგობასთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების გზით.
CISA-ის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს აშშ-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კიბერინციდენტებისგან და ამ მიმართულებით ინფორმაციის გაზიარების პროცესის კოორდინაცია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.