გერმანელმა მეცნიერებმა COVID-19-სა და ტვინის საშიშ დაავადებასთან კავშირი აღმოაჩინეს
გერმანიის ბონის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, რამდენიმე ვირუსულმა დაავადებამ, მათ შორის, COVID-19- მა შეიძლება, გაზარდოს ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკი.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ გარკვეული ვირუსული მოლეკულები ხელს უწყობენ არასწორად დაკეცილი ცილების აგრეგატების უჯრედშორის განაწილებას. მსგავსი ფენომენი ასევე შეინიშნება ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადებებში.
მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტების ვრცელი სერია სხვადასხვა უჯრედული კულტურით.
მათ იმის იმიტირება მოახდინეს, რაც ხდება ვირუსული ინფექციის შედეგად, აიძულეს უჯრედები ეწარმოებინათ ვირუსული ცილები. მეცნიერებმა ძირითადი მაგალითის სახით ორი ცილა შეარჩიეს: COVID-19-ის გამომწვევი სპაიკ-ცილა და ვეზიკულური სტომატიტის VSV-G-ის ვირუსის გლიკოპროტეინი, რომელიც გვხვდება პათოგენში, რომელიც გავლენას ახდენს პირუტყვზე და სხვა ცხოველებზე.
ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ინა ფორბერგი ამბობს – “ჩვენ შევძელით, დაგვემტკიცებინა, რომ ვირუსული ცილები შედის როგორც უჯრედის მემბრანაში, ასევე, უჯრედულ ბუშტუკებში. მათი არსებობა ზრდის უჯრედებს შორის ცილოვანი აგრეგატების გამრავლებას, როგორც უჯრედების პირდაპირი კონტაქტის, ისე უჯრედული ბუშტუკების მეშვეობით”.
ამრიგად, შედეგებმა აჩვენა, რომ, ტესტირებული უჯრედების ტიპის მიუხედავად, რომლებიც აწარმოებენ ცილებს ანომალიებით, ვირუსების არსებობა აშკარად ზრდის არასწორად დაკეცილი ცილების გავრცელებას სხვა უჯრედებზე და შეიძლება, ტვინის დაავადებების განვითარების პროვოცირება გამოიწვიოს.