ლევან ქარუმიძე: საბერძნეთში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესს ემსახურება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საბერძნეთის დედაქალაქში ვიზიტი დაიწყო.
პარლამენტის ინფორმაციით, კახა კუჭავა ათენში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.
ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერძენ კოლეგასთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. საბერძნეთში იმყოფება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე, რომლის განცხადებითაც, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები ათზე მეტი ქვეყნის პარლამენტის სპიკერს და დელეგაციასთან.
„ვიზიტი ემსახურება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მეგობრული და თბილი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე”, – განაცხადა ლევან ქარუმიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.