“ჩემს შვილს კონფლიქტი ზურა ბერიძის გარდა არავისთან ჰქონია” – მოკლული შატალოვას დედის კომენტარი

თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას დედის განცხადებით, მის შვილს კონფლიქტი მხოლოდ ზურა ბერიძესთან ჰქონდა. მისივე თქმით, მშობლების სურვილია, ანასტასიას მცირეწლოვანი ბავშვი მათთან გაიზარდოს.

შატალოვას დედის თქმით, მისი მეუღლე უკვე საქართველოშია, რათა საქმის დეტალები გაიგოს და შვილის გადასვენების საკითხები მოაგვაროს.

“მომხდარის დეტალები ჩემთვის უცნობია, ვიცი ის, რასაც მედია გადმოსცემს. ჩემს შვილს კონფლიქტი ზურა ბერიძის გარდა არავისთან ჰქონია. ჩემი მეუღლე დღეს ჩამოფრინდა საქართველოში. სურვილი გვაქვს, ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს. მეტს ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს შატალოვას დედა.

შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს თბილისში ახალგაზრდა ქალი სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს მოხვედრილი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლული ანასტასია შატალოვაა, რომელსაც დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცემერთან არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. ბათუმის ყოფილი ვიცემერი ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს. ზურა ბერიძის თქმით, მოკლულთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.

წყარო :“რუსთავი 2”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები