თენგიზ ცერცვაძე: წელს ვარაუდობენ, რომ იქნება “ტვინდემია” – მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი გრიპის მიმართ

“წელს ვარაუდობენ, რომ იქნება ტვინდემია და თვითონ გრიპის კომპონენტი ახლა უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი, ვიდრე წინა წლებში”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „იმედის დღე“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით, წელს გრიპი უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი.

“წელს ვარაუდობენ, რომ იქნება ტვინდემია და თვითონ გრიპის კომპონენტი ახლა უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი, ვიდრე წინა წლებში და რატომ – შარშან რადგან არ ყოფილა გრიპის ეპიდემია, მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი გრიპის მიმართ. ის, თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს ტვინდემია – გრიპისა და კორონავირუსის ერთდროულად გავრცელება – რამდენიმე ვარიანტია: პირველი – ნაწილს დაემართოს კოვიდი და მეორე ნაწილს იმავე დროს გრიპი. ორივე ინფექციის კლინიკური გამოვლენა ერთნაირია, არ იცი, რომელი გაქვს, ამიტომ აუცილებლად ორივეზე კომბინირებული ტესტირებაა საჭირო. ეს ფინანსურადაც და ტექნიკურადაც უფრო ძნელია, მაგრამ აუცილებელია. მეორე – როდესაც გამოვლინდება, რომ ერთ ავადმყოფს კოვიდი აქვს, მეორეს გრიპი, თუ მძიმე ფორმით არის და საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალური სექტორი ისედაც გადატვირთულია. კიდევ გრიპის განყოფილების შექმნა გახდება საჭირო, რომ ერთად არ დაწვნენ კოვიდიანი და გრიპიანი პაციენტები. წარმოიდგინეთ, რამხელა უხერხულობას შექმნის ეს. დაბოლოს, მესამე – შეიძლება, ერთსა და იმავე პიროვნებას ერთდროულად გრიპიც დაემართოს და კოვიდიც. ამიტომ, აუცილებელია არა ერთი, არამედ ორი ვაქცინაცია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები