ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ბაბუა: 11 საათი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაძლება რთულია, ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია
„შვილიშვილის მდგომარეობა უკეთესია – ყოველდღიურად უმჯობესდება“, – ამის შესახებ ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცის ბაბუამ, ქირურგმა აკაკი ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აკაკი ბერიძე შვილიშვილის გადარჩენისთვის, მადლობას კოლეგებს უხდის.
„მოვინახულე, ერთად გავაკეთეთ შეხვევა, ექსტუბაციასაც (ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნა) ვესწრებოდი. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ჯანდაცვის სისტემის, ჩემი კოლეგების, ბათუმისა და თბილისის ექიმების მიერ გადარჩა, თორემ, 11 საათი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაძლება რთულია. ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია“, – აცხადებს აკაკი ბერიძე.
ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.