აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმავიით, ნანგრევებიდან ამოყვანილი ორივე გადარჩენილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

„დაშავებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მასთან გუშინვე პერიოდულად გამოიხატებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი პარამეტრები. ახლაც მისი მდგომარეობა რთულია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობა ასევე მძიმეა, თუმცა ეს არაა უკიდურესად მძიმე და კრიტიკული პაციენტი. მას აქვს პოლიტრავმა, ქალა ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული“, – აცხადებს ნიჟარაძე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 გარდაცვლილია. კიდევ 2 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები