„ჩემს ნამუშევრებში იდუმალება იმალება“ – „ქალთა ფერადი სამყარო“, შთაგონებას ადევნება და ფიქრი ყვავილზე, რომელიც ჯერ არ დაუხატავს…

დაიბადა რუსთავში. დაამთავრა აკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი.
ამბობს, რომ პირველი ნამუშევარი მარიტა იყო გიორგი ლეონიძის ნატვრის დან“. ამბობს, რომ მუდმივად სიახლეების ძიებაში და ბევრი შთაგონების წყაროაქვს
მისი ნამუშევრები, ძირითადად, კერძო კოლექციებშია,  როგორც საქართველოში ასევე  სხვადასხვა ქვეყანაში. –  მხატვრისა და ფერმწერის, ტატა ბლიაძის პერსონა.
– კარგი ბავშვობა მქონდა, 90-იანი წლების სიდუხჭირის მიუხედავად, ძალიან მეხმარებოდნენ მშობლები წინსვლასა და განვითარებაში.
ხატვა იმდენად მიყვარდა, ეზოში ბავშვებთან თამაშსაც ხშირად ვამჯობინებდი.
ხატვა მარცხენა ხელით დავიწყე და სკოლაში მისვლისას მასწავლებელი სახაზავს მირტყამდა, მარჯვენათი წერა დამაწყებინა, მაგრამ ხატვით „მემარცხენე“ დავრჩი, თუმცა ორივე ხელით შემიძლია წერაც და ხატვაც.
საინტერესო ალბათ ის იყო, რომ ბავშვობიდან დღემდე მუდამ სიახლის ძიებაში ვიყავი.
– იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრეთ… რით იყო დასამახსოვრებელი ის პერიოდი?
– ძალიან ნაყოფიერი და ყველაზე საოცარი წლები იყო ჩემს ცხოვრებაში, საუკეთესო ლექტორების გუნდი მყავდა, სადაც ვისწავლე მეგობრობა, თავისუფლება, შემოქმედებითად გავიზარდე და ბევრი აღმოჩენაც მოვიპოვე ჩემში.
– პირველი ნამუშევრები…
– ჩემი პირველი ნამუშევარი დასამახსოვრებელი იყო  და ხშირადაც მეფიქრება მასზე, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხიდან“ – მარიტა… სული შემიძრა ამ ნაწარმოებმა. სამწუხაროდ, არც ნახატი და არც ფოტო არ  შემომრჩა.
– თქვენი ნამუშევრები სიზმარეულ ხილვებს ჰგავს. ერთი შეხედვით, სპონტანურად შექმნილს ჰგავს, თუმცა ამბობთ, რომ მათი უმრავლესობა წინასწარ დაგეგმილია კონკრეტული თემატიკით…
– შთაგონებას მივყვები, შემდეგ ხატვისას თავისით მოდის დეტალები და იმ პატარა მონახაზის გარშემო  უკვე სპონტნურად იქმნება ყველაფერი.
– თქვენი ფიგურები რაღაცით სალვადორ დალის მახსენებს…
– სალვადორ დალის ხედვა სწვდება მიღმურ სამყაროს, ძალიან ძლიერი შემოქმედია და მუდამ საიდუმლოებას დაეძებს, ჩემს ნამუშევრებშიც იმალება იდუმალება.
– „ქალთა ფერადი სამყარო“ – როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი? თქვენს სამყაროში სხვადასხვაფერი (თუნდაც ჟღალთმიანებიც) და სხვადასხვანაირი ქალები არიან…
– ეს ნამუშევარი 10 წლის წინ შეიქმნა. ამ ნამუშევარშიც, როგორც სხვა დანარჩენში, ქალი დომინანტია, ფერადი, ლამაზი, სუსტი, მაგრამ ამავდროულად ძლიერი, ამაყი და დამოუკიდებელი.
– „ჩემი ცხოვრება“… რა გინდოდათ ამ ნახატით გეთქვათ?
– ჩემი თავი დავხატე, ჩემი ფერადი ცხოვრება, ჭრელი გზა, რომელსაც წინ მივყავარ და შორიდან მომზირალი უცხო თვალები, ვისთვისაც  ეს საინტერესოა და უცხო…
– ვენერა… კომენტარში დაგიწერეს, რომ მას თქვენი თვალები აქვს, თქვენ უპასუხეთ, ყველგან ჩემი თვალებიაო…
– როდესაც საკუთარი სიამოვნებისთვის ვხატავ, ჩემდაუნებურად, ყველა პორტრეტზე ჩემი თვალები ისახება. ვფიქრობ, მხატვრების უმრავლესობას ასე ემართება, ნატურის გარეშე ხატვის დროს პორტრეტს საკუთარ თავს ამგვანებენ.
– სიყვარული…
– მაძლიერებს და მავსებს სიყვარული,  ეს არის ის დადებითი ენერგეტიკა, რაც შემიძლია სამყაროს მივუძღვნა.
– როგორ მუშაობთ? რა გაძლევთ შთაგონებას?
– მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ, ამიტომ ბევრი შთაგონების წყარო მაქვს… ყოველთვის ვგრძნობ უხილავ ძალას, რომელიც მაძლიერებს და მამზადებს ამ ყოველივესთვის,  შემდეგ ეს ყველაფერი, ტილოზე გამოსახული, საინტერესო ხდება.
– ყვავილები… თქვენს გვერდზე უამრავ ყვავილთა თაიგულებია… და მაინც, რომელი ყვავილი გიყვართ?
– ის, რომელიც ჯერ არ დამიხატავს – მაგნოლიებია, საოცარი ყვავილები… პირველად ეს ყვავილოვანი ხე სოფელ ჭყვიშში ვნახე და რამდენჯერაც გალაკტიონს ვკითხულობ, იმ სურნელოვან მაგნოლიებს წარმოვიდგენ თვალწინ.

– ჰობი…
–  ძალიან მიყვარს ძველი ნივთების გაახლება, ქსოვა, კერვა…
– გამოფენები… პანდემიამ დადებითად იმოქმედა თქვენზე თუ – პირიქით?
– გამოფენებში ხშირად ვერ ვმონაწილეობ, შემოქმედებითად არ გავჩერებულვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, პანდემიამ ბევრ რამეში შემიშალა ხელი, ჩემზე ცუდად მოქმედებს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიც, მაგრამ ვისწავლე დროის სწორად გამოყენება, დაფასება, და არ მინდა წუთიც კი უმოქმედოდ დავკარგო.
– სამომავლო გეგმები..
– მომავლისთვის ვისურვებდი სახელოსნოს და პერსონალურ გამოფენასაც დავგეგმავდი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები