ვახტანგ ძაბირაძე: ორივე მხარე 2 ოქტომბრისთვის კი არა, 3 ოქტომბრისთვის ემზადება

ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოს და, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს.

“ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, 90-იან წლებში დაგვაბრუნა. არა მგონია, საღად მოაზროვნე ადამიანი ევროკავშირის ოფისთან ინციდენტს გამართლებას უძებნიდეს, ორივე ხულიგანივით იქცეოდა. დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ კობახიძემ ბოდიში მაინც მოიხადა უცენზურო სიტყვების გამო, მელიამ კი არა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური კულტურა?! 90-იან წლებში ღირებულებების დაპირისპირება მაინც იყო, დღეს რა არის დაპირისპირების საგანი? – ძალაუფლება და ფული. რომელი დემოკრატი მყავს გუშინდელი ან დღევანდელი ხელისუფლება?! საოცარია, როცა ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს აბრალებს დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლაში. ამ დროს ორივე ხელის შემშლელია. დასანანია, რომ ჩვენს საზოგადოებას არ აღმოაჩნდა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის უნარი, რათა ეს ორი პოლიტიკური პარტია პენსიაში გაუშვას.

როგორც ჩანს, ნაციონალები ფიქრობენ, რომ დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა მათთვის არახელსაყრელია და ტემპერატურის აწევას ცდილობენ. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს და პროცესის გამოსაცოცხლებლად უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს. გადაწყვეტილებებს სააკაშვილი იღებს და მელია მისი ნების შემსრულებელია. მელიაც და კობახიძეც დიდ პირველ ვეზირობას “ქაჩავენ” სააკაშვილისა და ივანიშვილის კარზე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ორივე მხარე 2 ოქტომბრისთვის კი არა, 3 ოქტომბრისთვის ემზადება. კონკრეტულად აქციებზე არც ერთი არ ლაპარაკობს, მაგრამ მათ რიტორიკაში მაინც იგრძნობა. ერთი ამბობს, თუ “ოცნება” არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ვაიძულებთო. მეორე ამბობს, 1%-იც რომ ვერ ავიღოთ, ვადამდელი არჩევნები მაინც არ იქნებაო. რაც უფრო ვუახლოვდებით 2 ოქტომბერს, მით უფრო ცხადი ხდება, რომ აქციები გარდაუვალია. ამის ერთ-ერთი დასტურია ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – პოლიტიკური ლიდერები დაიბარეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პროცესში პოლარიზება შეემცირებინათ, ამათ კი არც აციეს, არც აცხელეს და ევროპელი კოლეგების ცხვირწინ გამართეს მუშტი-კრივი.

რაც უნდა თქვან ევროპელმა მეგობრებმა ან ქართველმა ანალიტიკოსებმა, პროცესი შეუქცევადია, ახლა საკითხავი ის არის, აქციები მოიტანს თუ არა შედეგს. პირდაპირ გეტყვით – ოპოზიციის საპროტესტო აქციები შედეგს ვერ მოიტანს… მუდმივი საარჩევნო ისტერიით მოსახლეობის ნაწილს არჩევნების მიმართ შიში და ნიჰილიზმი გამოუმუშავეს. ამომრჩევლის ნაწილი ფიქრობს, რომ ვისაც უნდა მისცეს ხმა, მაინც თვითონ დარჩება წაგებული. ეს კლავს არჩევნების იდეას. მეორე მხრივ კი ქვეყნის განუწყვეტელი ჯანჯღარი მუდმივად ბეწვის ხიდზე გვატარებს და რეალურია საფრთხე, რომ გადავეშვათ ქაოსსა და სამოქალაქო დაპირისპირებაში. ჩვენი პრობლემა მარტო “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” კი არ არის, არამედ ისიც, რომ სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ვერ შევქმენით. ვინ იქნება პოლიტიკური ცენტრის სათავეში, ვაშაძე, გახარია თუ დოლიძე, მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ რომ ვერ იქმნება?! ამაში დიდი “წვლილი მიუძღვით” თავად იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, ვინც ნოემბრის არჩევნების შემდგომ ნაციონალებთან ერთად “მოხარშეს კოქტეილი” და ამით დაკარგეს ამომრჩეველი.

ახალი ძალა, რომელიც ოპოზიციურ ხმებს გააერთიანებს, ჯერ არ ჩანს. თუ არ გამოჩნდა, დასავლეთმა რა ქნას, ვისთან ითანამშრომლოს?! დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ არც საკმარისია და არც გადამწყვეტი. გადამწყვეტი ქართველი ხალხის არჩევანია. დასავლეთს 2012 წელს შეიძლება არ უნდოდა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ივანიშვილმა ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება შეძლო. დღეს ასეთი ძალა არ ჩანს. პარტიები კი, რომლებმაც 1-დან 5%-მდე აიღეს, გამუდმებით შეცდომებს უშვებენ. თავიდანვე ცალკე, სხვა ალტერნატიულ ძალად უნდა დაფიქსირებულიყვნენ, რათა ხალხს დაენახა, რომ არც “ოცნებას” წარმოადგენდნენ და არც ნაციონალებს. გაუგებარია, როდესაც წვრილ-წვრილი პარტიები კოალიციაზე საუბრობენ. რომელ კოალიციაზეა ლაპარაკი, როდესაც “ნაცმოძრაობას” გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მათ ყველას ერთად აღებულს და შესაბამისად, პარლამენტშიც გაცილებით მეტი დეპუტატი ეყოლებათ? კოალიციას ნაციონალების გადმოგდებული თითო მინისტრის კაბინეტით ქმნიან? კოალიციის სრულუფლებიანი წევრი მაშინ ხარ, როდესაც შენი მანდატი სჭირდებათ, უშენოდ მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებენ. თუ ამას უშენოდ გააკეთებენ, მაშინ დეკორატიულ კოალიციას ქმნი.

ოპოზიცია ახლაც შეცდომას უშვებს,­ როდესაც იმუქრება, აუცილებლად ჩავატარებინებთ ვადამდელ არჩევნებსო. როგორ ჩაატარებინებენ, თუ ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანენ? ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად მარტო ის არ კმარა, მთავრობა რომ არ ვარგა. შენ თავად უნდა იყო რეაქტიული, დღე და ღამე გასწორებული გქონდეს, რათა სათქმელი მაინც გქონდეს, გამიყალბეს არჩევნებიო… მარტივ რამეს გეტყვით – როდესაც ქალაქის მერობისთვის ალეკო ელისაშვილი იბრძოდა, გაცილებით აქტიური პროცესი იყო, ვიდრე დღეს არის. არადა, დღეს კალაძის მეტოქე ორი გამოკვეთილი ლიდერია. მოდი, ვნახოთ, ვინ უჭერს მხარს ამ ორ ძალას. “ოცნებას” მხარს უჭერს ძირითადად, ნომენკლატურა, “ნაცმოძრაობას” კი ყოფილი ნომენკლატურა. ამასთან, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ან ამ მთავრობასთან მეგობრობენ, ან ყოფილ მთავრობასთან. 1990 წელს არჩევნებში “მრგვალმა მაგიდამ” და კომუნისტებმა გაიმარჯვეს. როგორ შეიძლებოდა კომუნისტებს გაემარჯვათ? სწორედ იმ ძველი ნომენკლატურის ხარჯზე, ახლა რომ სახელისუფლებო რესურსს უწოდებენ. ანალოგიურია დღესაც. გახარიას მესამე ალტერნატიული ძალის შექმნის პერსპექტივა დღესაც აქვს, თუ “სტრატეგია აღმაშენებელზე”, “ლელოზე”, ლეიბორისტებსა და სხვა პარტიებზე მეტ ხმას მიიღებს, მესამე ძალად დაფიქსირდება, მაგრამ არა მგონია, მას ნაციონალების ჩანაცვლების პერსპექტივა ჰქონდეს. 2016 წელს, როდესაც “ევროპულმა საქართველომ” “ნაცმოძრაობა” დატოვა, ჰქონდა პერსპექტივა, მაგრამ მერე მძიმე შეცდომა დაუშვა: როდესაც ორი წლის განმავლობაში დედას იფიცებ, რომ სააკაშვილისგან არაფერი გამოვა, ჯართია და მერე უცებ მის საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერ მხარს, თავადვე გამოგაქვს განაჩენი საკუთარი პარტიისთვის. თუ სააკაშვილს ძაღლს უწოდებ, ბოლომდე ასე უნდა გააგრძელო, იმიტომ, რომ ეს არის შენი გენერალური ხაზი და მხარს ის ხალხი გიჭერს, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი ძაღლია. ყველა ოპოზიციური პარტია ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. ჯერ ემიჯნებიან სააკაშვილს, მერე მხარს უჭერენ. ნოემბრის არჩევნების შემდეგ მთელი ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო და მხოლოდ ნაციონალებს გამიჯვნოდნენ, ახლა სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში. დღეს ამ ხალხმა ამომრჩეველი დაკარგა. ნახავთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იმაზე დაბალ პროცენტებს მიიღებენ, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს. არა მგონია ამომრჩევლის განწყობაზე ფარული ჩანაწერების ფაქტმა იმოქმედოს. კონკრეტულად ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ დავასახელებ, მაგრამ თავისი არსით და გამოქვეყნების პერიოდის თვალსაზრისით ძალიან ჰგავს იმ ოპოზიციური ძალის მოქმედებას, რომელსაც არჩევნების წინ “ციხის კადრების ეფექტის” მოხდენა ხელს აძლევს. თუმცა სულ ტყუილად, მსგავსი ეფექტი რომ გამოეწვიათ, გაცილებით დიდი “საზიზღრობა” უნდა გამოეტანათ სამზეოზე. მხოლოდ იმის გახმოვანებით, რომ ხელისუფლება თურმე გვისმენდა, საზოგადოებას ვერ აღაშფოთებ. არა მგონია, საქართველოში მოიძებნებოდეს ისეთი ადამიანი, ვინც გაიოცებს, არ მეგონა, თუ მისმენდნენო. პირადად მე ერთი დღეც არ მიცხოვრია ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს არ უსმენენ. ყველა ხელისუფლება უსმენდა ხალხს… რაც შეეხება სააკაშვილს, მან უკან დასახევი გზების ძიება დაიწყო: აჯანყდით, ბატონო, გაიმარჯვეთ და ჩამოვალო. მზამზარეულზე რომ ჩამოვა, მაგაში ეჭვი ვის ეპარება?!”, – აცხადებს ძაბირაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები