ნიკოლოზ მეტრეველი: ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის ამოქმედება ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას

“ქართული მეცნიერება საერთაშორისო მასშტაბით ხარისხობრივად ახალ დონეზე გავიდა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მეტრეველი მიიჩნევს, რომ, პრემიერმინისტრის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის ამოქმედება სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას შეუწყობს ხელს.

“მინდა, დიდი მადლიერებით გამოვეხმაურო ქართული მეცნიერებისათვის გაკეთებულ ძალიან მნიშნელოვან ახალ საქმეს. პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება.

პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია მუშაობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს გულითადი მეგობარია.
„ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, რომ შევქმნათ ეს პროგრამა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია, ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ, სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი არ გამოვიდოდა“, – განაცხადა სტივენ ჯონსმა.

პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან. პროგრამა, ასევე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გაცვლისთვის.
გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც, ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და აშშ-ს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევების შესაძლებლობებზე. ასევე, საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დიდ ქართულ საქმეს საფუძველი დაუდო”, – წერს მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები