„ჩვენ ჯიბიდან ამოგვაცალეს 800 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია“ – ვახტანგ ჭარაია „ნამახვანჰესზე“

“ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ჯიბიდან ამოგვაცალეს 800 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია”, – ასე ეხმაურება ეკონომისტი, ვახტანგ ჭარაია  „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერებას.

როგორც ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია „ენკა”-ს გადაწყვეტილება და მის მიერ საქართველოს სახელმწიფოთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, რისი შედეგადაც $ 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ განხორციელდება, საქართველოს ეკონომიკისთვის უკიდურესაც უარყოფითია.

„ენკა”-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთება ქართული ეკონომიკისთვის უკიდურესად უარყოფითი მოვლენაა, გნებავთ – საშინაო ფაქტორებისთვის, გნებავთ – საერთაშორისო განზომილებაში. ორივე მხრივ, ეს ჩვენ ძალიან გვაზარალებს. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მინიმუმადე დაიყვანოს ზიანი, თუნდაც ფინანსური, თუნდაც პოლიტიკური, თუნდაც მორალური, რაც შეიძლება მას მიადგეს.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმას, რომ კონტრაქტში გათვალისწინებული იყო ის ფაქტორები, რომელსაც შეეძლო, პროექტისთვის გარკვეული დაბრკოლებები შექმნა, მათ შორის, ეს შეიძლება, ყოფილიყო ტექნიკური ხასიათის, შეიძლება – ყოფილიყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის კონტექსტში, შეიძლება, ყოფილიყო სხვა გარემო პირობებით უზრუნველყოფილი და გამოწვეული შეფერხებები. მშენებლობის პროცესში უამრავი ნიუანსი იკვეთება, რომლის მოგვარებაც გზადაგზა უწევთ. ასეთი რამისთვის „ენკა“ მზად უნდა ყოფილიყო. მე ზუსტად იმაზე საუბარი გამიჭირდება, „ენკა“ იქნება აუცილებლად მტყუანი ამ დავაში თუ საქართველოს ხელისუფლება, თუმცა, საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ზიანი მინიმუმამდე დაიყვანოს.

ფაქტობრივად, ჩვენ დღეს ჯიბიდან ამოგვაცალეს 800 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელიც ქართულ ეკონომიკაში უნდა ყოფილიყო ჩადებული. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილიც იყო. ამას დამატებული, ცუდ შემთხვევაში, ზიანის ასანაზღაურებლად კიდევ რამდენიმე ასეული მილიონის ჰაერში გასროლა მოგვიწევს.
ის ფაქტი, რომ საქართველოში თითქმის 1 მილიარდ- დოლარიანი პროექტი ჩავარდა, ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესაც უარყოფითია“, – განაცხადა ჭარაიამ „კვირას“ პრესკლუბში.

ცნობისთვის, ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ აშენდება, – ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გუშინ გახდა ცნობილი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, უწყებამ ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკა”-სგან წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ.

„კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა. მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და, რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა, ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ „ნამახვანიჰესების“ კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.
საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და, რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები