მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
„თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის ვ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ბარგისა და თავად მოქალაქის მიმართ, რისკის პროფილის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებები განხორციელდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (45.94 გრამი) გამოვლინდა. კანონდარღვევის მეორე ფაქტი, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ნ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა. ოქროს ნივთების საერთო რაოდენობამ 130,43 გრამი შეადგინა.
საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 1 ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (56,25 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
აღნიშნულ სამართალდარღვევათა გამოვლენის შედეგად, ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 28 081,03 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 28 081,03 ლარი შეეფარდათ“, – აცხადებენ სამსახურში.