სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ლანგრით შეთავაზება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live” ოპოზიციის ნაწილის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.
„ორჯონიკიძესთვის რომ გეკითხა, საქართველოსთვის კარგს აკეთებდა, უბრალოდ არ არსებობდა იმისთვის საქართველო როგორც სახელმწიფო, საქართველოს ხედავდა როგორც კომუნისტური ინტერნაციონალის ნაწილს, სადაც ხალხები საერთო სიკეთისთვის ერთიანდებიან. ასეა ამ ადამიანებისთვისაც – ბოკერია, წერეთელი, ჯაფარიძისთვის, გუშინ რომ ისხდნენ, მათთვის საქართველო არ არსებობს, არსებობს ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელშიც ხალხები ბედნიერად უნდა იყვნენ. იქ რომელ დროშას ხელში დაიჭერ, რომელ ჰიმნს იმღერებ და რომელ სლოგანს წამოისვრი, ეს აჩვენებს იმას, რომ შენ კუთვნილებას აჩვენებ იმ გათქვეფილ იდენტობაში, როგორიც ჩვენ საბჭოთა კავშირში გვქონდა. სწორედ ეს არის რაზეც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში. ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ამბობენ, არის ის თითქოს მრავალფეროვნების ერთობაა, სინამდვილეში ეს არის სხვადასხვა ერებისთვის ერთი გენერალური ხაზის იძულება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ საქართველოში ირანის გავლენის ქსელი ვრცელდება.
„გიგა ბოკერიას შეუძლია ნახოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება და სად არის ამ მაჩვენებლებით საქართველო, რაიმე საფრთხეს წარმოადგენ თუ არა საქართველო და აძლევს თუ არა რაიმე ნიადაგს იმისთვის, რომ აქ რაიმე სახის რადიკალური მიმართულებები განვითარდეს. [გიორგი] კანდელაკის კვლევა კარგი შეხსენებაა იმისა, რომ ეს ის კანდელაკია, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩომ მას ფული მისცა ვითომ იმისთვის, რომ ქუთაისის და გორის ტურისტული მარშრუტები უნდა დაეხაზა და ეს ადამიანი აღმოჩნდა ბოლოს ვაშინგტონში, სადაც საქართველოს ცილს სწამებდა. ზუსტად ამაში იხარჯებოდა ის ფული, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ხმარდება. სინამდვილეში ესეც არის დეზინფორმაციის და პროპაგანდის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ჯერ იქმნება ყალბი კვლევები იმისთვის, რომ შემდეგ ეს კვლევები გაშუქდეს მედიაში, რათა მისცენ დეზინფორმაციულ ნარატივს დამაჯერებლობა. აღარავინ აღარ ჩაეძიება რა იყო სინამდვილეში ეს კვლევა. ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული იარაღის გამოყენებით თავდასხმა საქართველოზე და მის ინტერესებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.