ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები – ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live” ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე სისულელეს უწოდებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობები გლობალურ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.
„ხომ სისულელეა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ საკუთარი ურთიერთობებით ჩინეთთან თუ სხვა სახელმწიფოებთან, შეიძლება გლობალურ პროცესებში ვინმეს ინტერესს საფრთხე შეუქმნას, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ასე შემდეგ. ხომ აბსურდია ამაზე საუბარი?
ჩვენ სუვერენიტეტი იმისთვის არ გვინდოდა, იმისთვის არ ვიბრძოლეთ და იმისთვის არ დავღვარეთ სისხლი, რომ მათ შორის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების სუვერენიტეტი გადავულოცოთ სხვას. ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები – ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს ორი ამოცანა არის უმთავრესი, რომელიც დასახული აქვს „ქართული ოცნების“ მთავრობას, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომლისთვისაც ეს ამოცანები არ არსებობს, მათი ამოცანა არის საქართველო აქციონ კლიენტ სახელმწიფოდ, რომელიც ემსახურება სხვების ინტერესებს. ამ ინტერესს რაც ემსახურება გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, ისე, რომ არავის ვკითხავთ და ამ ინტერესს რაც არ ემსახურება არაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის კონკურენტის ჩამოსაშორებლად ბრიუსელის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი.
„ხშირად გვაქვს ხოლმე ურთიერთობა კანდიდატ ქვეყნებთან, ბალკანეთის წარმომადგენლებთან, მათგან ხშირად გვესმოდა ხოლმე, რომ ევროკავშირი მათზე გარკვეულ ზეწოლას ახდენდა, რომ ჩინეთთან არ ჰქონდათ ურთიერთობები. ჩინეთს მიზანმიმართულად წარმოაჩენდნენ როგორც ბუას, რომელისაც უნდა ეშინოდეთ. ეს გარკვეული ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.