ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გურამ ლებანიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გურამ ლებანიძე. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფესიბუქგვერდი ავრცელებს და უსამძიმრებს აღიარებული სწავლულის ახლობლებს, მეგობრებს, მოწაფეებს.

„ბატონი გურამი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც ღირებული მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიების, საჯარო ლექციების ავტორი ენათმეცნიერებაში, ლიტერატურათმცოდნეობაში, ფილოსოფიაში, თეოლოგიაში. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი დასავლეთ ევროპის ენების თეორიისა და დასავლური ლიტერატურის შესწავლაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი სადოქტორო დისერტაცია ინგლისურ, გერმანულსა და რომანულ ფილოლოგიაში.
ბატონი გურამი თითქმის ორი ათეული წელი იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის, შემდგომ – ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. მისი ინიციატივით დაარსდა რომანულ-გერმანიკული ფილოლოგიისა და კულტუროლოგიის კათედრები. ამ კათედრებს ბატონი გურამი სხვადასხვა დროს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე აირჩიეს უნივერსიტეტის სრულ პროფესორად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები