მეუფე იაკობი – ჩანაწერებზე: სუს-ის გავრცელებული არ იქნება, ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიების ინტერესში შედის არეულობა
ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, თუ მას ვინმე, თუნდაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს, ამაზე პრობლემა არ აქვს. ამის შესახებ მან გავრცელებული ინფორმაციის, თითქოსდა, სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს, კომენტირებისას განაცხადა.
“ვიღაც შეიძლება, რაღაც ჭორს აგორებდეს. ჩემზე რა უნდა თქვან, მე არ ვიცი ჩემზე, რა შეიძლება იყოს და რა არა?! ნებისმიერი მისმენდეს და თუ უნდა მიყურებდეს, მე პრობლემა არ მაქვს. მთავარია, ღმერთი მიყურებს. თუ ვინმე მიყურებს და მითვალთვალებს, პრობლემად არ მიმაჩნია”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
რაც შეეხება საიდუმლო ფაილების გავრცელებას, მეუფე ამბობს, რომ, მისი ვარაუდით, მსგავსი ფაილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ვერ გაჟონავდა და, მისივე ვარაუდით, საქმეში პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.
“სუს-ის თანამშრომელი თუ არის, ეგ ისეთი სამსახურია, თანამშრომელი ვერ გაავრცელებდა. არჩევნების წინაპერიოდია თან. სუს-ის გავრცელებული არ იქნება. მე უფრო სხვებზე ვიფიქრებდი. მაგალითად, პოლიტიკური პარტიებიდან. არეულობა უნდათ ახლა. ეკლესიაში კიდევ ამით არეულობას ვერ შემოიტანენ”, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა უწყებიდან გაჟონა.