გიორგი გახარია: საბოლოოდ, ასეა – ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რა ხდება ჩვენს უბანში, შემდგომ ჩვენს ქალაქში, შემდგომ ჩვენს ქვეყანაში და ასე უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო

„დიდი პატივია თქვენთან საუბარი, ამასთან ერთად, დიდი იმედიც, რადგან მჯერა, რომ ეს მუნიციპალური არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის – ახალი იმედების და ცვლილებების არჩევნები იქნება. და არა იმიტომ, რომ ვინმეს ვებრძვით ან ვინმეს წინააღმდეგ გვინდა ბრძოლა – არა, ჩვენ უბრალოდ გვინდა ჩვენი შეხედულებებით, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი ხედვებით ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და წინსვლისთვის.”- ამ სიტყვებით დაიწყო საბურთალოელ მხარდამჭერებთან შეხვედრა პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ.

„ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ბრძოლა ჩვენი თვითმიზანი არ არის.  ჩვენს გვერდით ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ღირსეული, კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანები –  ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ვერ მივაღწიეთ ქვეყანაში ძლიერი სახელმწიფოს შექმნას – ყველაფერი ფუჭი იქნება.” – ამბობს გახარია.
„საბურთალო თბილისის გამორჩეული რაიონია თავისი ინტელიგენციით, თავისი საგანმანათლებლო დაწესებულებებით, თავისი სტუდენტობით.  დიდი ხანი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი წარმომადგენელი აქ უნდა იყოს ბატონი მიხეილ ნაბიჯაშვილი – ღირსეული ადამიანი, რომელიც გაზრდილია ამ უბანში, აქაურიასაბურთალოელია და ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა ემსახუროს აქაურობას.  საბოლოო ჯამში ასეა –  ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა რა ხდება ჩვენს უბანში, შემდგომ ჩვენს ქალაქში, შემდგომ ჩვენს ქვეყანაში და ასე უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო.”- მიმართა გახარიამ საბურთალოელ მხარდამჭერებს.
„ბევრს აქვს ხოლმე კითხვა, რომ გაგეკეთებინათ კაცო, თქვენს ხელში არ იყო ყველაფერი აქამდეო? – რა თქმა უნდა  რელევანტური კითხვაა, მაგრამ ამ კითხვაზე მაქვს ასევე მარტივი პასუხი – სანამ კეთილსინდისიერი მსახურების შესაძლებლობა გვქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემსახურებოდით ქვეყანას ჩვენს გუნდთან ერთად. მაგრამ რაღაც მომენტში უბრალოდ ხედვები რომ პოზიციები შეიცვალა, გზა გაიყო და ამაში მე კატასტროფულს და ცუდს ვერ ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვაღიარებთ ყველაფერ კარგს, რაც აქამდე ერთად გაგვიკეთებია და ამავე დროს, ვაღიარებთ იმ შეცდომებს, რომელიც დაგვიშვია. ამ შეცდომებზე პასუხისმგებლობის გამო ვდგავართ დღეს აქ და ვამბობთ, რომ ჩვენი ხედვა სხვანაირია. ჩვენ ვაღიარებთ ყველაფერ კარგს, რაც გაკეთდა, არ უარვყოფთ და მაგრამ ვამბობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად, უფრო შინაარსობრივად და რა თქმა უნდა, უფრო სამართლიანად.” – განაცხადა გახარიამ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ქალაქს სამართლიანობა აკლია და თბილისელებს კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან თავისუფალი, მინიმალური ბიუროკრატიის მერია სჭირდებათ
„სამართლიანობა და სამართლიანობის შეგრძნება არის, რაც ამ ქალაქის დღეს ყველაზე მეტად აკლია. ამიტომ არანაირი კორუფცია, არანაირი ნეპოტიზმი, მინიმალური ბიუროკრატია იმისთვის, რომ თითოეულმა თბილისელმა შეძლოს ღირსეულად, თანაბარ გარემოში იშრომოს იმისთვის, რომ ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. და ამ ქალაქმა ეს დაიმსახურა.” -ამბობს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა ისაუბრა, რომ საქართველოში 30 წლის მანძილზე ვერ მოვახერხეთ ძლიერი სახელმწიფოს აშენება, რადგან ყოველი ხელისუფალი წინამორბედის გაკეთებულს ანადგურებს და თავიდან ცდილობს ყველაფრის დაწყებას, რაც არასწორია და ქვეყანას წლებს აკარგვინებს.
„ჩვენი ძირითადი მიზანი არის ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო. ჩვენ 30 წელია იმავე წრეზე ვტრიალებთ და ვერ შევძელით ძლიერი სახელმწიფოს აშენება – იმიტომ, რომ ყველა ახალი ხელისუფალი გამარჯვებად თვლის მხოლოდ იმას, თუ მის წინამორბედს საბოლოოდ გაანადგურებს და ნულიდან დაიწყებს ქვეყნის მშენებლობას. ასე ვკარგავდით ჩვენ წლებს და ეს შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ. ამიტომ ვამბობთ – ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ იმ პირობით, რომ შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი, რაც ჩვენამდე გაკეთებულა. ეს კარგი უნდა ვაღიაროთ კიდევაც.”- განაცხადა გახარია.

გახარიამ პოლიტიკურ ველსა და ქვეყნის მართვაში ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„სამართლიანობა, კეთილსინდისიერი პროფესიონალები – ეს არის გასაღები წარმატებისკენ. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ როგორც კი შენ იღებ შენს თავზე ქვეყანაზე პასუხისმგებლობას  და ხალხის მსახურებას თვლი შენს სამსახურად – რა თქმა უნდა, შენი პირადული უნდა გადაწიო მეორე ფლანგზე და სახელმწიფო უნდა იყოს შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. ბევრი ახალგაზრდა უნდა იყოს ჩვენს ირგვლივ.  რა თქმა უნდა გამოცდილება აუცილებელია, მაგრამ ერთი გამოცდილი ადამიანი და მასთან რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული პროფესიონალი, რომლებსაც უნდა ვასწავლოთ რას ნიშნავს ემსახურო ქვეყანას. “- ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი.

„შეუძლებელია საქართველოს წარმატება ძლიერი თბილისის გარეშე, ისევე როგორც შეუძლებელია წარმატებული თბილისი ძლიერი სახელმწიფოს გარეშე. ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არის. მუნიციპალური არჩევნები უკვე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მუნიციპალური დონე და ამ არჩევნებში მოპოვებული ხმების რაოდენობით და ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ პოზიტიურ ცვლილებებს ამ ქვეყანაში.” – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ოპონირების მიუხედავად, გულში პარტია ,,საქართველოსთვის” ოპონენტებმაც იციან, რომ ქვეყანაში ცვლილებების დრო დადგა. მან აღნიშნა, რომ ოცნების გუნდში დარჩენილ ღირსეულ პროფესიონალებთან ხიდები უნდა შეინარჩუნონ, რადგან საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა ყველამ ერთად უნდა აშენოს პოლიტიკური შეფერილობის მიუხედავად.
„მინდა იცოდეთ, რომ ის ვინც დღეს ასე მედგრად  გვიწევს ოპონირებას, ხშირ შემთხვევაში არაღირსეული მეთოდებით, მაგრამ არაუშავს –  გულის სიღრმეში მათაც იციან, რომ ცვლილებების დრო დადგა. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ღირსეული, ისეთი როგორც ჩვენ შეგვეფერება, ისეთი რომ გვესმოდეს – ჩვენ ამ ხალხთან ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. ეს არჩევნები გადაივლის, ჩვენს მოქალაქეებს ბევრი რამე დაავიწყდებათ და უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქალაქს არა ჰყავს დასაკარგი კეთილსინდისიერი პროფესიონალები – არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ვინ რა ფერის შეფერილობის იყო, ჩვენ მათ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ამას ჩვენ ვიმსახურებთ.  ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ – შევინარჩუნოთ ხიდები, იმიტომ რომ ოცნებაში დღეს  ჩვენი  ბევრი  ღირსეული მეგობარია დარჩენილი. მაგრამ დღეს როგორც იქცევიან ოცნების ბოსები, ისინი ფაქტობრივად  გვაბრუნებენ წარსულში. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა იქნება ეს თუ ოცნება, თუ იგივე მეთოდებს გამოიყენებენ, რასაც ახლა იყენებენ ერთიც და მეორეც. ამიტომ მე ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ნაცები, ეს ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და ოცნება დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს გუშინდელი დღე. ეს მათი არჩევანია, თუმცა ჩვენ გვახსოვს ყველაფერი რაც ერთად გვიბრძოლია, გაგვიკეთებია, მიგვიღწევია – ამის დავიწყებას არ ვაპირებთ და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ის შეცდომებიც, რომლებიც ერთად დავუშვით.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები