თეა წულუკიანი – „ჩვენ კი კანონი პირდაპირ გვავალებს ამ ექსპონატებზე ზრუნვასა და მათი მომავალი თაობებისათვის გადაცემას“
„ყველა მუზეუმიდან გატანილი ექსპონატი მუზეუმს უნდა დაუბრუნდეს, ვინაიდან არაერთი წლის განმავლობაში ექსპონატის მუზეუმში დაუბრუნებლობა მისი დაკარგვის რეალურ საფრთხეს ჰქმნის. ჩვენ კი კანონი პირდაპირ გვავალებს ამ ექსპონატებზე ზრუნვასა და მათი მომავალი თაობებისათვის გადაცემას“, –
განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება და, პროცესის დასრულებისთანავე, შედეგები საზოგადოებას ეცნობება.
თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილო წარადგინა. ესენია: ირაკლი სუთიძის „ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის „ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“.
მინისტრის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება.