გიორგი გახარია: დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, მუნიციპალურ დონეს აშკარად გასცდა, ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დღეს და აქ დაიწყება ცვლილებები ქვეყანაში
“დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, მუნიციპალურ დონეს აშკარად გასცდა, ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დღეს და აქ დაიწყება ცვლილებები ქვეყანაში“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ სამეგრელოში ფოთის, სენაკის, აბაშის და მარტვილის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების, კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.
„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო მაჟორიტარობის კანდიდატებს და მერობის კანდიდატებს. ჩემთვის დღეს დიდი პატივია, მქონდეს შესაძლებლობა, თითოეული თქვენგანი წარვუდგინო საზოგადოებას. მოგეხსენებათ, ჩვენ, რამოდენიმე თვის წინ, კონკრეტულად 3 თვის წინ ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ და ეს პრინციპული სიტყვები იყო და იმის შემდგომ ჩვენ მოვიარეთ თითქმის მთელი ქვეყანა, და დღეს პარტია საქართველოსთვის არის ამ ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება მზარდი რეიტინგით, ერთადერთი! და ამან დაგვარწმუნა, რომ ეს მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი, იმიტომ რომ ჩვენ არავის არ ვებრძვით, კონკრეტულად, ჩვენ ვებრძვით უნიათობას, უსუსურობას, უსაქმურობას, კორუფციას, ნეპოტიზმს და ათასი სისულელის ჭორაობას, რითიც დღეს, სამწუხაროდ, დაკავებული არის ბევრი ხელისუფლების წარმომადგენელი, ზოგი ოპოზიციის წარმომადგენელი და ა.შ. მაგრამ ამას არა აქვს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა, ჩვენთვის მთავარი მიზანი გახლავთ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ავაშენოთ ძლიერი, სამართლიანი და რაც მთავარია, თანამედროვე სახელმწიფო. სახელმწიფო, რომლითაც ჩვენი შვილები იამაყებენ, სახელმწიფო, რომლის სიტყვასაც და ხელმოწერასაც ექნება ფასი, სახელმწიფო, რომელსაც ენდობა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი!
ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ ყველა დაპირება თეორიულად, რისი დაპირებაც შეიძლებოდა, გაცემულია უკვე. ჩვენ ბევრმა ხელისუფლებამ ავანსად ბევრი რამე დაგვპირდა, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყანაში პოზიტიური წესრიგის შექმნა, ქვეყანაში წესრიგის დამყარება. სხვანაირად ვერცერთი დაპირება ვერ შესრულდება, სხვანაირად ეს ყველაფერი არის დემაგოგია, ამიტომ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი – კეთილსინდისიერი პროფესიონალების გუნდის შექმნა, რომელიც იზრუნებს ყოველდღიურად ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფოს შექმნაზე. იმ სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული ჩვენი მოქალაქე, დაიცვას წესრიგი, დაიცვას ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეკლესია და რა ტქმა უნდა იმ სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის” ერთიანდება საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ.
ჩვენ ვამბობთ,რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ, ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვიბრძვით, იმიტომ, რომ ჩვენთვის ბრძოლა არ არის თვითმიზანი, ჩვენთვის მიზანია ძლიერი ქართული სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, დღევანდელი არჩევნები მუნიციპალურ დონეს აშკარად გასცდა, ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დღეს და აქ დაიწყება ცვლილებები ქვეყანაში.
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი ჩვენგანი მოვდივართ ჩვენი პოლიტიკური წარსულიდან და ეს პოლიტიკური წარსული, რა თქმა უნდა, უკავშირდება ქართულ ოცნებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ ქართულ ოცნებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებაში ბევრი ღირსეული ადამიანია, ჩვენი მეგობარია დარჩენილი. რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერი კარგი რაც გავაკეთეთ აქამდე უნდა შევინარჩუნოთ და მასზე დავაშენოთ კიდევ უფრო მეტი წარმატებული საქმე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკან, როგორც დღეს დღევანდელი ქართული ოცნების ზოგიერთ ბოსებს წარმოუდგენიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ მეთოდებს, რომლითაც დღევანდელი ქართული ოცნების ბოსები ჩვენს თანამებრძოლებს ებრძვიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას როგორ ჩაუდეს იარაღი მაგალითად აკაკი ბართაიას. არ უნდა შევეგუოთ იმას როგორ ებრძვიან ჩვენს სიაში მყოფ ადამიანებს, იმისთვის რომ მათ აიძულებენ ამ სიაზე თქვან უარი. როგორ ემუქრებიან მათ ოჯახის წევრებს არა მხოლოდ სამსახურის დაკარგვით, არამედ დაკავებით, ჩადებით და კიდევ ბევრი რაღაცა სიბინძურით. ჩვენთვის ხომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ქართული ოცნება როგორ მოახერხებს ნაციონალურ მოძრაობას თავისი უსუსურობით დააბრუნებს ხელისუფლებაში თუ გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. აგერ ეს ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს ასე ვთქვათ გაგვაცნობს და თუ ვინმეს ინტერესშია დღეს ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესში. საერთოდ ყველას რომ გვესმოდეს სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ არსებობს. კარიკატურაა. ერთადერთი ვინც მსოფლიოში სერიოზულად მას აღიქვამს ეს არის ქართული ოცნება. ერთადერთი ვინც მას, როგორც პოლიტიკურ პერსონას აცოცხლებს, ეს არის ქართული ოცნება. მხოლოდ და მხოლოდ. იმიტომ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე დააშინოს და არ გვეშინია. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების, ისევე როგორც ჩემი გადაწყვეტილება თბილისის მერობის კამპანიაში ჩართვის განპირობებულია ძირითადად იმით, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს მოქალაქე პირისპირ აი ამ ორ ძალასთან იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ არჩევანი არ არსებობს. იმიტომ რომ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავთ ქართულ ოცნებაში, რომელიც გვაბრუნებს წარსულში და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რომელიც ცდილობს და მოგვიწოდებს ძალადობის მეთოდებით დაბრუნდება საქართველოში. ვერ ვხედავ დიდ სხვაობას და ამას ვამბობ დიდი იმედგაცრუებით და ხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ქართულ ოცნებაში დღეს ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარია დარჩენილი და რა თქმა უნდა არავინ არ უარყოფს იმ მიღწევებს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია და არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავხაზოთ. პირიქით, ჩვენ ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ იმ უგუნურობისგან, რომელსაც დღეს სჩადიან ზოგიერთი ქართული ოცნების ხელმძღვანელები” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ იმის მაგივრად, რომ “ქართულმა ოცნების” წევრებმა ქვეყანას მიხედონ, ეკონომიკურ გამოწვევას მიხედონ, პანდემიას მიხედონ, დადიან და ჭორაობენ.
“იმ სისულელეებისგან რასაც ჭორაობენ იმის მაგივრად, რომ ქვეყანას მიხედონ, ეკონომიკურ გამოწვევას მიხედონ, პანდემიას მიხედონ, დადიან და ჭორაობენ ერთმანეთზე და ხშირ შემთხვევაში კიდევ ჩვენზე. თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ ვიყურებით წინ, მივდივართ მომავლისკენ და საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რომელიც დღეს ჩვენ გვხვდება წინ ეს არის რომ სამწუხაროდ დადგა ის მომენტი, როდესაც ქართული ოცნება ერთადერთი, რითიც არის დაკავებული ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება. ერთადერთი რითიც არის დაკავებული ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს თავი ამ სავარძელში და კაბინეტებში. სამწუხაროდ ის იდეალები, რითიც ქართული ოცნება იწყებოდა, ოცნებით უკეთეს, სამართლიან, წარმატებულ საქართველოზე, უკვე ოცნებად დარჩა. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ოცნება, ეს უნდა გახდეს რეალობა და ეს არის ჩვენი მიზანი და ეს არის ჩვენი მომავალი საქმე” – განაცხადა გიორგი გახარიამ.