მიწის რეგისტრაციის რეფორმის საკითხებზე საჯარო რეესტრმა მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გამართა
მიწის რეგისტრაციის რეფორმის საკითხებზე საჯარო რეესტრმა მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გამართა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 63 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა, რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწაზე ცნობის გაცემის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინსტრუქციები მიიღეს.
“მიწის რეგისტრაციის რეფორმის საკითხებზე საჯარო რეესტრმა რეგიონებში შეხვედრების ციკლი დაასრულა. 63 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა, რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწაზე ცნობის გაცემის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინსტრუქციები მიიღეს.
მიწის რეფორმის ნორმატიული საკითხების განხილვისას მიღებული რეკომენდაციები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მიწის სარეგისტრაციო პროცესებში გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს. ეს კი, თავის მხრივ, რეფორმის ეფექტიანად განხორციელებას ხელს შეუწყობს.
იუსტიციის მინისტრის მიერ ინიცირებული „მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემის შესახებ“ ინსტრუქცია ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა : როგორ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, როგორია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის მომზადების ვადები, ვინ არის ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი, რა შემთხვევაში შეიძლება საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემაზე უარის თქმა და სხვ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.