სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში სოციალური მუშაობის თემასთან დაკავშირებით, პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში სოციალური მუშაობის თემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია სოციალური მუშაობის შესახებ კანონიდან გამომდინარე იმ გადაწყვეტილების თაობაზე გამართეს, რომლის მიხედვით სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში სოციალური მუშაობის სექტორი ამოქმედდა და შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაკები დასაქმდნენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიას ინფორმაციით, სოციალური მუშაობა ჯანდაცვის სფეროში ახლა ინერგება და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ასევე თანამშრომლობა სტანდარტების, მეთოდოლოგიის შემუშავებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა წინაშეც კანონის ამოქმედების შემდეგ სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები აღმოჩნდნენ.
„სოციალური მუშაობა ჰოსპიტალურ სექტორში ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს და იგი არც თუ დიდი ხანია რაც ფუნქციონირებს. ბუნებრივია, ეს საკითხი, რაკი საუბარია უფლებების უკეთ დაცვაზე ამ სექტორში, კომიტეტის ინტერესის სფეროში შემოდის. ამ დარგის და სექტორის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვფლობდეთ მეტ ინფორმაციას დარგში არსებული გამოწვევების შესახებ, უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს იმ ადამიანებთან, ვინც ამ თემებზე მუშაობს და, შესაბამისად, ეს გამოკვეთს იმ საჭიროებებს, რაზეც სამომავლოდ ვიმუშავებთ და ეს განსაზღვრავს სწორედ ჩვენს სამომავლო დღის წესრიგსაც”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ის საკითხებიც გამოიკვეთა, რომლებზეც მნიშვნელოვანია სამომავლოდ გაგრძელდეს მუშაობა. მათ შორის, ეს არის განგრძობადი განათლების მიმართულება იმ ადამინებისათვის, ვინც სოციალური მუშაობის ფუნქციით არიან აღჭურვილი უშუალოდ ამ სექტორში. დღის წესრიგში დგას ასევე მეთოდოლოგიაზე მუშაობის საკითხი და ცალკეული კანონქვემდებარე აქტების შემუშავების საჭიროება, ასევე შიდა რეფერირების მექანიზმების გაუმჯობესება და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები