ლევან ხაბეიშვილი: “პატრიოტთა ალიანსი” რუსული პარტიაა, არ ახსენდებათ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც დაგვიხოცეს საომარი მოქმედებების დროს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავს.

ხაბეიშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” რუსული პარტიაა.

“ვწუხვარ იმის გამო, რომ სანამ ასეთ წერილს დაწერენ და გაასაჯაროებენ არ ახსენდებათ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებიც დაგვიხოცეს საომარი მოქმედებების დროს. ნებისმიერი მსგავსი გზავნილი, რომელიც შესაძლოა იყოს ჩვენი ქვეყნიდან არის ძალიან მძიმე წასაკითხიც, მოსასმენიც და გასააზრებელიც, თუმცა მგონია, რომ საზოგადოებამ, ყველამ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაში და ის, რომ ეს კონკრეტული პარტია არის რუსული პარტია საქართველოში, ისევე, როგორც “ქართული ოცნება” არის რუსული ოცნება და ჩამოყალიბდა ამ მიმართულებითაც ვფიქრობ, ისედაც ცხადი და ნათელია”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “უპასუხისმგებლო „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი დაძაბულობის ჩასაქრობად მე და ჩემი მეგობრები ვხვდებოდით რუს დეპუტატებსა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაძლოა, ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაერთხელ განმუხტა დაძაბული ვითარება და მე არ ვიცი, შესაძლოა, ომსაც კი გადაგვარჩინა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეხვედრები და ეს დიალოგი გაჩერებულიყო და გაყინულიყო. დღეს, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობისაგან, საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები