გია ვოლსკი: ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს, ერთხელ მოვიდა პლენარულ სხდომაზე და მაშინაც ღირებული ვერაფერი თქვა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი საკანონმდებლო ორგანოდან “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გასვლას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ჯაფარიძე დიდი ხანია, გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ იმ ფორმატიდან, რასაც ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება ჰქვია.

“ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს. ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების დასრულების დღიდან გვიჩივის, რომ დეპუტატის მანდატი არ უწყდება და ახლა ამბობს, გავედიო. ერთხელ მოვიდა და ისიც, ვერაფერი ღირებული ვერ თქვა პლენარულ სხდომაზე. დიდი ხანია, გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ იმ ფორმატიდან, რასაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

ამ განცხადების შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები