გიორგი ცუცქირიძე: “ოცნებამ” დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვადამდელი არჩევნების რევოლუციური განვითარების სცენარი დაბლოკა და ჩაშალა

“ოცნებამ” დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვადამდელი არჩევნების რევოლუციური განვითარების სცენარი დაბლოკა და ჩაშალა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ოცნების” მხრიდან მიშელის დოკუმენტის ფაქტობრივი ანულირება მოსალოდნელი  იყო.

“100 დღის თავზე 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლა და მიშელის დოკუმენტის ფაქტობრივი ანულირება, ოცნების მხრიდან, ადრე თუ გვიან მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო. 100 დღეს უბრალოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან 100 დღის თავზე ანგარიშების ჩაბარება, მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა.

მთავარი კი ის არის თუ რამ განაპირობა მართველი პარტიის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო პროოცნებუსტული დოკუმენტი. პირიქით, დოკუმენტის ხელმოწერისას ოცნება ბევრ დათმობაზე წავიდა, მათ შორის იმ ჩანაწერზეც, რაც “პოლიტიკურ პატიმრებად აღქმული პირების”, განთავისუფლებით.

დოკუმენტი, რომელიც კომპრომისებს და პოლიტიკური პროცესების დეესკალაციას ემსახურებოდა, მაინც ვერ იქცა კონსენსუსად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ათი საპარლამენტო სუბიექტიდან ნაცებთან და ეცსაქებთან ერთად კიდევ ორმა სუბიექტმა არ მოაწერა ხელი(აქ იგულისხმება გირჩი ზურაბა და ლეიბორისტული პარტია) და შესაბამისად, არც ამ შეთანხმების თემატიკის განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა, ეს სასამართლო რეფორმასაც ეხება და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებსაც.
მართალია, ოცნებამ ცალმხრივად მაინც შეასრულა ამ დოკუმენტით აღებული ვალდებულებები, მაგრამ ცალმხრივი მოგეხსენებათ არც კონსენსუსი არ არსებობს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” არა თუ ხელი არ მოაწერა ევრომედიაციით შექმნილ დოკუმენტს, არამედ პარლამენტში შესვლიდან ერთ თვეში ობსტრუქციამდე დასული შოუ–შოუზე მოაწყო. მთელი ამ პროცესის თანმდევი კი ოპოზიციის მხარდამჭერი მედია საშუალებების პოლიტიკურ მხარედ და ფაქტიურად პარტიულ ტელევიზიებად წარმოჩენა იყო. ბატონი გვარამიას დღევანდელი აღსარებაც, რომ დროა მეინსტრიმული მედია დაუბრუნდეს წმინდა ჟურნალისტიკას, ამის დასტურია. თითქოსდა ადრე მხოლოდ ე.წ კრიტიკული მედიის ფარგლებში მაუწყებლობდენ და ფეიკი და დეზინფორმაცია მათთვის უცხო ხილი იყო!

ამ 100 დღემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარეც გამოაშკარავა. ნაცოპოზიციის მიზანი არც არასდროს ყოფილა მიშელის დოკუმენტის შეთანხმების პირობების შესრულება. მთავარი მათთვის, მელია-რურუას გამოშვება იყო, პროცესების შემდგომი ესკალაციით, რასაც პოლიტიკურ კრიზისამდე და ვადამდელ არჩევნებამდე უნდა მიეყვანა პროცესი. და ყველაფერი, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობის ჩაშლა, აქეთ მიდიოდა. ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებსაც რეფერენდუმს შემთხვევით კი არ უწოდებდენ, რომლის საბოლოო მიზანიც ვადამდელზე გასვლა უნდა ყოფილიყო.

შეიძლება ითქვას, რომ “ოცნებამ” დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვადამდელი არჩევნების რევოლუციური განვითარების სცენარი დაბლოკა და ჩაშალა. პროცესი კი გადავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოში, რაც არც 43 პროცენტიან ჩამკეტ წინაპირობას არ ითვალისწინებს ვადამდელის ვალდებულებით.

საპარლამენტო არჩევნებიც საკონსტიტუციო ვადაში 2024 წელს ჩატარდება. ვადამდელის საკითხსაც თუ დადგა დღის წესრიგში, ბუნებრივი პოლიტიკური მოცემულობა გადაწყვეტს და არა გარკვეული ძალების მხრიდან ხელოვნურად ინსპირირებული”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები