ჯაფარიძემ კუჭავას სანქციების ინიციატივით მიმართა – “ხელის მოქნევა კოლეგაზე, დედის გინება, უნდა იყოს იმდაგვარად დასჯადი, რომ ეს ადამიანი აღარ უნდა შემოდიოდეს პარლამენტის დარბაზში”
“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შესთავაზა, რომ გინებისა, თუ ხელის დარტყმისთვის კოლეგების მიმართ, დეპუტატებს გარკვეული სანქციები დაეკისროთ.
ჯაფარიძის შეფასებით, სანქციები ძალიან მკაცრი უნდა იყოს.
“ხელის მოქნევა კოლეგაზე, დედის გინება, უნდა იყოს იმდაგვარად დასჯადი, რომ ეს ადამიანი აღარ უნდა შემოდიოდეს ბიუროს ოთახში და აღარც პარლამენტის დარბაზში. მე გთავაზობთ, რომ ასეთი სანქცია შემოვიღოთ, რადგან სხვაგვარად მივცემთ ცუდ მაგალითს საზოგადოებას”,- მიმართა ჯაფარიძემ კახა კუჭავას.
კუჭავამ ჯაფარიძეს შესთავაზა, აგვისტოს განმავლობაში კონკრეტული კანონპროექტი მოამზადოს.
“ყველაფერ ამაზე შეგვიძლია ერთად მივიღოთ სანქციები, რომ არ გამოვიდეს ცალმხრივად გაკეთებული, გთავაზობთ, აგვისტო საკმარისი დროა იმისთვის, რომ მოამზადოთ გარკვეული პროექტი, იქნება ეს რეგლამენტის ცვლილება თუ შიდა განაწესი”, – განაცხადა კუჭავამ.