ვაშაძემ და სარჯველაძემ იკამათეს – “90-დღიანი პატიმრობა გქონდათ, ბატონო გიორგი და ვის ედავებით და ვის ეკამათებით საერთოდ, ნამუსიც ხომ კარგი საქონელია”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და ,,ქართული ოცნების” წევრი, მიხეილ სარჯველაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილება.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების ახლანდელი რედაქციის შეცვლასა და ბოლო ცვლილებების მიღებამდე არსებული რედაქციის აღდგენას გულისხმობს.

„საბჭოთა არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მე ვფიქრობ, ეს დიდი უბედურებაა ამ ქვეყნის. ამიტომწარმოვადგინეთ ცვლილება არსებულ კოდექსში. ასევე, საბჭოთაა მიდგომა, როცა სანქციებს ზრდით. გინდა, პროტესტის გამოხატვის მსურველი ადამიანები შეაშინო და ელემენტარულად პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა აღარ მისცე ამ ადამიანებს. ეს საბჭოთა მიდგომა გახასიათებთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, რომ გაამკაცროთ სანქციები ყველაფერზე, რაც თქვენ არ გაწყობთ, რაც თქვენ არ გინდათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებას უპასუხა კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სარჯველაძემ.

„90-დღიანი პატიმრობა გქონდათ, ბატონო გიორგი და ვის ედავებით და ვის ეკამათებით საერთოდ. ნამუსიც ხომ კარგი საქონელია? თქვენ დროს გაკეთებული ცვლილების შედეგად იყო 90-დღიანი პატიმრობა და დამთავრდა აქ ყველაფერი და კამათი. ეს არის პოპულიზმი და პოპულიზმის მიღმა ერთი მარტივი თემაა აქ, ძალიან მარტივად და თვალსაჩინოდ რაც ჩანს, თქვენ თვითონვე ბრძანეთ საკუთარსავე კანონპროექტზე, რომ არ ვარგა 3 000 ლარიცო და ამაზე მაკამათებთ. რა აზრი აქვს ამ კანონპროექტის მხარდაჭერას, თქვენ თვითონ ამბობთ, არ ვარგაო და როგორ შეიძლება ამ კანონპროექტის მხარდაჭერა საერთოდ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად წვრილმანი ხულიგნობა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას უნდა ითვალისწინებდეს; ხოლო 173-ე მუხლი, რაც სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, უნდა ითვალისწინებდეს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება „ქართული ოცნების“ ინიცირებით 2021 წლის 29 აპრილს შევიდა. ცვლილებების თანახმად 166-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთი დღიდან 15 დღემდე ვადით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები