თამარ კორძაია: მივმართავთ კახა კუჭავას, მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის იმ წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი დეპუტატების მიმართ
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოსთან განცხადება გააკეთეს და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართეს, მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც 18 ივლისს ქალი პარლამენტის წევრების მიმართ ძალა გამოიყენეს.
კორძაიას თქმით, საჭიროა, კუჭავამ უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს.
„მივმართავთ კახა კუჭავას, რომ მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი პარლამენტის წევრების მიმართ, რადგან მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია, რადგან 18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი, მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ, ხელით ფიზიკურად გააჩერონ ის. ბატონო კახა, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია, იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.