ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24-საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერთან, მანამდეც შეხვედრები მქონდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით, რაც დასრულდა კონკრეტული შედეგით
“ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24-საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერთან, მანამდეც შეხვედრები მქონდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით, რაც დასრულდა კონკრეტული შედეგით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა.
“ეს პროცესი დავიწყეთ დაახლოებით 1 თვის წინ, როცა მე მქონდა საუბარი ორივე ქვეყნის ლიდერებთან- პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. პროცესი დავიწყეთ 1 თვის წინ და გუშინ დავასრულეთ კონკრეტული შედეგით, რაც მართლაც უპრეცედენტოა. საქართველომ ფასილიტაციის თუ ხელშეწყობის როლი იკისრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მათი ჩართულობით შესაძლებელი გახდა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება, რომლებიც ომის დროს იქნენ დაკავებულნი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის გადაცემულ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი მასალა და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დანაღმულ ტერიტორიას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანისთვის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს. ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, მე პირადად ვიყავი ჩართული, 24-საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერთან, მანამდეც შეხვედრები მქონდა, როგორც მოგეხსენებათ და რა თქმა უნდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ვიყავით მჭიდრო კოორდინაციაში. ეს დასრულდა კონკრეტული შედეგით. ჩვენ ასევე მზადყოფნას ვადასტურებთ, რომ ამ პროცესში საქართველომ ისევ შეასრულოს შუამავლის, მედიატორის როლი. სრული მზადყოფნა დავუფიქსირე მე პირადად ორივე ქვეყნის ლიდერს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება რეგიონში საერთო მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევით. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მიღწევა, რაც იქნება საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.