9-საათიანი მედიაციის შემდეგ, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ
„ნამახვანჰესის“ შესახებ მედიაციის პირველი შეხვედრის შედეგი ცნობილია – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.
„დღევანდელ შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე მოხდა შეთანხმება: 1. ვაწარმოებთ რისკების შესწავლას, თუ გამოვლინდება რისკები, შევეცდებით ისინი აღმოვფხვრათ. 2. როგორ არის შესაძლებელი რიონის ხეობაში სიტუაციის განმუხტვა – შევთანხმდით ბარიერების მოხსნაზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების გადაადგილების უზრუნველყოფაზე. 3.ენერგოუსაფრთხოებაზე დოკუმენტის შემუშავება – მთავრობა განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას“, – განაცხადა დირკ ბუშლემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის მოწვევით ევროკავშირის ენერგოგაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით “ნამახვანჰესის” საკითხთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა. მედიაციის მონაწილეები 9-საათიანი შეხვედრის შემდეგ უკვე შეჯერებული საკითხებით გამოვიდნენ.