სალომე ზურაბიშვილი მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო (ფოტო)

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო, რომელზეც 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი; მათ შორის: ასკანელი ძმების, ჭოტიაშვილის მარნის, ჯაყელების ღვინის, ვაზისუბნის მამულების.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ღვინის საერთშორისო ექსპერტებსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მეღვინეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული ღვინის უნიკალურობასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდებს.

აღინიშნა, რომ ქვეყნის უძველესი ტრადიციები და ღვინის კულტურა ეროვნულ იდენტობასთანაა გაიგივებული. უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველო ცნობილია, როგორც ყურძნისა და ღვინის ქვეყანა, ხოლო ტრადიციული ქართული ღვინო რთულად წარმოსადგენია ქვევრის გარეშე. ქვევრში ღვინის დაყენების ისტორია 8000 წელზე მეტს ითვლის და დღემდე გრძელდება.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ღვინის გამოფენებს, განსაკუთრებით – ევროპაში, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, მეღვინეები და ღვინის მოყვარულები ეცნობიან ერთმანეთს და ახალ-ახალ ღვინოებს. ამასთან, უმნიშვნელოვანესია გამოფენებში პრეზიდენტის მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა ქართული ღვინის მიმართ.

 

„დღეს, კოვიდის ფონზე, საფრანგეთსა და მონაკოში, რომელიც, ფაქტობრივად, თავისი ღვინის გარდა არაფერს ცნობს, ხდება სწორედ ქართული ღვინის პრეზენტაცია – ქართული ღვინის საფუძვლის და ფესვების წარდგენა, რასაც დიდი ენთუზიაზმით აფასებენ სპეციალისტები. ეს არის ფაქტი, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც მეღვინეობის ქვეყანა და მისი ცნობადობა უკვე დამკვიდრდა მსოფლიო რუკაზე“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები