„ლარის გამყარება ინფლაციაზეც იმოქმედებს, ფასები დაწევას დაიწყებს“ – ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე

“ლარის კურსის დასტაბილურება შეუქცევადია, ის კიდევ უფრო გამყარდება”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, ლარის კურსი 3.00 – 3, 10 -ის ფარგლებში იქნება.

ეკონომისტმა ლარის გამყარების მიზეზებზე ისაუბრა.

„ლარის კურსის გამყარება მოსალოდნელი იყო. ეს დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რომელიც ეკონომიკაში მიმდინარეობს. აქამდე პრობლემა იყო ის, რომ პანდემიურ ეკონომიკის პირობებში, გასულ წელს აპრილსა და მაისში ძალიან სერიოზული ვარდნა გვქონდა, 15-17 % საკმაოდ დიდი ვარდნის მაჩვენებელია. ყველამ ვიცით, რომ ეს ჯერ პირველ „ლოქდაუნთან“, შემდეგ კი მეორესთან იყო დაკავშირებული. რაც დღეს ხდება, ეკონომიკური განვითარების კონტექსტში უნდა შევაფასოთ. ჯერ კიდევ მარტში ჩანდა, რომ ეკონომიკა გამოცოცლებას იწყებდა, როცა ეკონომის ზრდა 6 % იყო. თუმცა, საშუალო მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან მაინც უარყოფითი იყო. აპრილში საკმაოდ მაღალი იყო ექსპორტის ზრდა, დაახლოებით, 70 – % იანი. ასევე, აპრილში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 45 % გვქონდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. გაუმჯობესებული იყო სხვა მაჩვენებლებიც, მაკროფაქტორები, მათ შორის, ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ, გასულ წელთან შედარებით, ეკონომიკა იანვრიდან აპრილის ჩათვლითაა გაზრდილი – 8 %-ზე მეტით. ეს ფაქტორები რომ შევაფასოთ, ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული სავალუტო კურსთან, ანუ მაკროფაქტორებთან. ამიტომ, ლარის გამაყრება დღეს უკვე არის არა განწყობების შედეგი ან შემთხვევვითობა, არამედ მაკროფაქტორების ზეგავლენა. ვხედავთ, რომ ბოლო 1 თვის მანძილზე ლარი მნიშვნელოვნადაა გამყარებული. ახლა პროგნოზიც კი შემიძლია, ვთქვა: ლარის კურსის დასტაბილურობა შეუქცევადია, კიდევ უფრო გამყარდება. ჩემი ვარაუდით, ლარი 3.00 – 3, 10 -ის ფარგლებში იქნება. პირველ რიგში ეს პროგნოზი ეყრდნობა იმას, რომ მაისშიც, როგორც აპრილში, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: იანვარ-მაისის მაჩვენებელი, ყველა გათვლით, მათ შორის, ჩემი პროგნოზითაც, იქნება ზრდის ორნიშნა რიცხვზე.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კურსთანაცაა დაკავშირებული და ეკონომიკურ ზრდასთანაც, ტურიზმია. პანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ ყველაზე დიდი დარტყმა ტურისტული ინდუსტრიის გაჩერებით მიიღო. ყველა პროგნოზით, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ გამოცოცხლებაა, 2019 წლის მაჩვენებელთან მიმართებაში ტურიზმი, დაახლოებიტ 40-45 %-ით შეიძლება, აღდგეს. ეს პოზიტურად აისახება ლარის კურსზეც და ეკონომიკურ ზრდაზეც. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი პროგნოზი შემიძლია, ვთქვა, წლის ბოლოსაც ეკონომიკური ზრდის ორნიშნა რიცხვით დავასრულებთ. ჩემი პროგნოზი, სავარაუდოდ, 11 % იქნება“, – განმარტა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ლარის გამყარება სამომხმარებლო ფასებზეც აისახება. როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, ფასები დაბლა დაიწევს.

„ლარის გაუფასურება, რაც საკმაოდ მაღალი იყო, სამომხმარებლო კალათასა და ინფლაციაზე პირდაპირ აისახა. აპრილში 7, 4 % იყო ინფლაცია. ლარის გამყარების ფაქტორი ინფლაციაზეც იმოქმედებს, მაისში ის უფრო შემცირებული იქნება. ეს ყველფერი ფასებზეც აისახება. არის ხოლმე მოლოდინი, თუ ლარი გამყარდა, ფასები რატომ არ იწევსო? აქ მარაგების თემაა. მარაგები როცა გაიწოვება, დაახლოებით, 10-14 დღის შემდეგ, ფასები დაწევას დაიწყებს, ფაქტობრივად, ყველა პროდუქციაზე, მათ შორის ნავთობზე, ბენზინზე, სასურსათო პროდუქციაზე“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარია, 1 ევროსი კი – 3.7276 ლარი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები