ნათია თურნავამ კახეთის გასტროტურში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კახეთის გასტრონომიულ ტურში მიიღო მონაწილეობა. ტურის მიზანია ხელი შეუწყოს გასტროტურიზმის განვითარებასა და კახეთის რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაციას.
გასტროტურში, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა,  საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია და ქართული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტურის ფარგლებში ცნობილი შეფმზარეულების მონაწილეობით კულინარიული მასტერკლასები გაიმართა.
ნათია თურნავას თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტურიზმის აღდგენა.
„პანდემია არამხოლოდ პრობლემა და გამოწვევა იყო, არამედ მან  ახალი შესაძლებლობების გაჩენის ბიძგიც მოგვცა. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტები მონატრებული არიან უნიკალურ ტურისტულ ბაზრებს და ეძებენ რაღაც სიახლეს. ჩვენ, საქართველო კი ვართ ძალიან მდიდარი – სხვადასხვა კუთხით, სადაც არის თავისი უნიკალური წეს-ჩვეულებები, უნიკალური გასტრონომია, კერძები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ რეგიონში შეიძლება დააგემოვნო. ამიტომ  ასეთი გასტრო-ტურების მეშვეობით ვცდილობთ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას და გვინდა, რომ წარმოჩინდეს არამხოლოდ უკვე ცნობილი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები და ადგილები, მსხვილი ქალაქები, არამედ მცირე რეგიონული სასტუმროები, მცირე აგროტურისტული ობიექტები” – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, აგროტურიზმი ჩვენი შემდგომი განვითარების, ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ამაზე მიბმული ტურისტული შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი ღონისძიება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები