ევა ბოჭორიშვილი: ეროვნულ ვალუტაზე პოზიტიური მოლოდინები მოქმედებს

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი, ევა ბოჭორიშვილი ლარის კურსის გამყარების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს და აცხადებს, რომ ეროვნულ ვალუტაზე პოზიტიური მოლოდინები მოქმედებს.

Bm.ge -ს ინფორმაციით, ევა ბოჭორიშვილი რამდენიმე პოზიტიურ ფაქტორს ასახელებს.
„ესენია ეკონომიკის გახსნა, 1-ელი ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა, რამაც ტურიზმის აღდგენის მოლოდინი გაამყარა, ასევე, არის კომუნიკაცია, რომ მკაცრი ჩაკეტვა, „ლოქდაუნი“ აღარ იქნება, რასაც ყველაზე მძიმე ეფექტი ჰქონდა, მათ შორის, ლარის კურსზე. არის ვაქცინაციის დაჩქარების მოლოდინი და ამას ემატება ექსპორტის, ფულადი გზავნილების ზრდა. უნდა აღინიშნოს ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც აპრილში მოხდა. ეს ყველაფერი ქმნის მოლოდინებს. როგორც ნეგატიური მოლოდინები აისახება, ისეა პოზიტიურიც.  შემცირებულია დეპოზიტების დოლარიზაცია, ანუ რასაც აჟიოტაჟურ ქცევას ვეძახით, არის სწორედ ეს, რომ ლარზე ხდებოდა ზეწოლა და ახლა ეს შემცირებულია. ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კურსზე ახდენს დადებით გავლენას“, – აცხადებს იგი.

რაც შეეხება პროგნოზებს, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ თუკი არსებული პოზიტიური ფაქტორებიდან უარყოფითი მიმართულებით არაფერი შეიცვალა, გამყარების ტენდენცია გაგრძელდება.

„ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. რისკის ფაქტორი ყოველთვის არსებობს. ლარს აქვს მცურავი კურსი, რაც ნიშნავს, რომ მასზე მოქმედებს ყველაფერი, რაც ხდება ბაზარზე“, – ამბობს ევა ბოჭორიშვილი.

ის არ ელოდება ეროვნული ბანკისგან რაიმე ფორმით ინტერვენციას კურსის მკვეთრი გამყარების შესაჩერებლად, ვინაიდან, ბოლო 2 წელიწადში ვალუტა მკვეთრად იყო გაუფასურებული და შესაძლო ინტერვენცია, სავარაუდოდ, კონტრპროდუქტიული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები