ლევან გოფოძე: “მესამე ტალღის” პირობებში, ბევრად უფრო მეტი მძიმე პაციენტი მოხვდა კლინიკებში
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ხელმძღვანლის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამებთან დაკავშირებით მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს.
მისივე თქმით, კორონავირუსის “მესამე ტალღის” პირობებში, კლინიკებში ბევრად უფრო მეტი მძიმე პაციენტი მოხვდა.
“რაიმე განსხვავებული მკურნალობა ამ ეტაპზე, რადგანაც მათ არ აქვთ მძიმე ფორმა, არ განიხილება. ჩვეულებრივად არსებობს პროტოკოლი, როგორც მოგეხსენებათ, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მკურნალობა კოვიდინფიცირებულების. განსხვავებული შტამებისთვის დამახასიათებელი არის უფრო სწრაფი გავრცელება და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გავრცელება, რაც არ ახასიათებდა ე.წ. კლასიკურ შტამს. ამ შემთხვევაში, ეს შტამები ვრცელდება ბავშვებშიც და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მაქსიმალური დაცვის საჭიროებაზე, როგორიც არის ნიღაბი და სოციალური დისტანცირება. შეუძლებელია სხვანაირად ამ ეტაპზე ამ ინფექციის შეჩერება, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება.
განსაკუთრებით უკანასკნელ ხანებში ე.წ. მესამე ტალღის პირობებში, ბევრად უფრო მეტი მძიმე პაციენტი მოხვდა კლინიკებში. საქმე იმაშია, რომ ამ დამძიმების გამომწვევი იყო ალბათ შტამის განსაზღვრული ცვლილებაც, მიმდინარეობის მიხედვით, იმიტომ, რომ თუ ჩვეულებისამებრ მე-8-10 დღეს ხდებოდა ძირითადი გართულებების გამოვლენა, ახლა მე-10-12 დღეს გადაინაცვლა ამ პიკმა და, ბუნებრივია, ამ ფონზე უფრო მძიმე კლინიკური ფორმები გამოვლინდა”, – განაცხადა ლევან გოფოძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.