„თითოეულ ნაკეთობაში გულს ვდებ“ – ხელოვანი, რომელსაც ხატვა და ხელსაქმე შვილის ავადმყოფობამ დააწყებინა…

პროფესიით იურისტია. მრავალი წელპოლიციაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ხელსაქმეს დაიწყებდა. მაგრამ შვილის ავადმყოფობამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა –  ქეითი ძიმეს დაავადებას ლეიკემიას ებრძვის და დედა-შვილს ორ წელიწადნახევარია კლინიკიდან კლინიკაში უწევს ყოფნა.
ამ პერიოდში აღმოაჩინა, რომ  ატვა და ხელსაქმე ამშვიდებდა. ბავშვთან ერთად ხან ხატავდა, ხან თიხისგან ძერწავდა ფიგურებს… ასე თანდათან მრავალი საინტერესო ნივთი შექმნა და მალე ფეისბუქზე მისი გვერდიც გაჩნდა.
ხშირად მანდალებს ხატავს და ამბობს, რომ თითოეულ ნაკეთობაში გულდებს. – კარინა გრიგორიანის პერსონა.
– დიდ ოჯახში ვიზრდებოდი ბიძაშვილებთან ერთად.  მიუხედავად იმისა, რომ დედმამიშვილი არ მყავდა, ჩემს ბიძაშვილებს ძმებად და დებად მივიჩნევდი და ასეც გავიზარდეთ. დღემდე, როგორც და- ძმა, ისე ვართ.
ყველას სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა. მე კი საოცრად „ინტერესიანი” ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებდა, ყველას ვაკვირდებოდი, რას აკეთებდნენ. ზოგადად, ისე ვიყავი, როგორც ყველა ბავშვი. არ ვიყავი ერთ რამეზე ორიენტირებული. ფორტეპიანოზეც დავდიოდი, ხატვაზეც, ცეკვაზეც, დრამწრეზე და, მგონი, ყველა წრეზე, რომელიც იმ რაიონში იყო, სადაც გავიზარდე, მაგრამ ფორტეპიანოსა და დრამწრის გარდა ყველგან ცოტ-ცოტა ხანი ვიყავი.
90-იანები ზოგადად ყველასთვის მძიმე იყო, მაგრამ ჩემთვის  – ორმაგად, რადგან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ვიყავი და მუდმივად ვცდილობდი თავითდამკვიდრებას. ასე ვთქვათ, „თინეიჯერულ” ასაკში ვიყავი.
ქსოვა და თვლების ამოყვანა ბავშვობაში ვისწავლე, თუმცა ხელსაქმით დაკავებული არ ვყოფილვარ. ბავშვობიდან იურისტობა მინდოდა და მუდმივად ამაზე ვიყავი ორიენტირებული.
– თქვენი შვილი ლეიკემიითაა დაავადებული. სტრესმა ხელოვნებისკენ საბოლოოდ შემოგაბრუნათ…
– სამწუხაროდ, ჩემი ბოლო წლები ისე არ წარიმართა, როგორც დავგეგმე. ვინაიდან ჩემი ერთადერთი შვილი უმძიმეს დაავადებას – ლეიკემიას ებრძვის – ორ წელიწად-ნახევარია კლინიკებში გვიწევს ყოფნა. პირველად რომ დაავადდა, 10 თვის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მოგვიწია ცხოვრება. სტრესი დიდი იყო (როგორც წესი, ქალები სტრესის პერიოდში დალევას, სიგარეტის მოწევას იწყებენ. ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა – ყველაფერს  თავი დავანებე).
აღმოვაჩინე, რომ  ხატვა და ხელსაქმე მამშვიდებდა. ბავშვთან ერთად ხან ვხატავდი, ხან თიხისგან ვაკეთებდი რაღაცებს და შემდეგ ვაფორმებდით საღებავებით.
კლინიკიდან რომ გამოვედით, პანდემია დაემთხვა და ისევ სახლში მოგვიწია გამოკეტვა, რადგან მკურნალობიდან გამომდინარე ისედაც დაბალი იმუნიტეტი ჰქონდა და საფრთხეები გაასმაგებული იყო.
–  პირველი ხელნაკეთები…
– შემთხვევით ფეისბუქზე ვნახე ხის ჩანთა, მომეწონა. ფასი არ ეწერა და ვიფიქრე, რომ ძვირი იქნებოდა. რადგან ვერსად ვმუშაობდი და ბავშვს ისედაც ბევრი რამე სჭირდებოდა, ჩემთვის ვერ გავიმეტე, რომ მეყიდა. არც კი მიკითხავს ფასი.
მერე რომ დავაკვირდი, უმარტივესი რაღაც იყო. მართალია, ხე დაზგაზე იყო დამუშავებული, მაგრამ თავადაც შეიძლებოდა გამომეჭრა. მერე  მარტივად მომეხატა და შემომექსოვა… მოვძებნე ფანერა და დავიწყე დამზადება, თან სოციალურ ქსელში ეტაპობრივად ვტვირთავდი.
თავიდან ვერავინ ხვდებოდა, რას ვაკეთებდი, ბოლოს კი არაჩვეულებრივი  ჩანთა გამომივიდა.
როდესაც გამოვაქვეყნე, მეგობრებს იმდენად მოეწონათ და იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, აღფრთოვანება ვერ დამალეს… ვიფიქრე, ხომ არ დავიწყო მსგავსი ჩანთების კეთება-მეთქი. შევქმენი გვერდი, თუმცა თავიდანვე იმდენი მსურველი მყავდა მხოლოდ ჩემს ფეისბუქმეგობრებში, გაკეთებასაც ვერ ვასწრებდი, ისე იყიდებოდა.
ჩემს გვერდს „კადაკა” შევარქვი ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ინიციალები, უფრო სწორად სახელების პირველი ორი ასო… https://www.facebook.com/Kadaka-109493544102810
მადა ჭამაშო მოდისო, და დავიწყე მსოფლიოს ტრენდების დათვალიერება (ცხადია, ხელნაკეთების) და შევეცადე, მესწავლა „იუთუბის“ საშუალებით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველივე ხელი კარგად გამომდიოდა…
ქსოვთ ჩანთებს, პლედებს, ზედებს, ქუდებს… როგორ არჩევთ ფერებს?
– რაც შეეხება დიზაინს და ფერებს, უკვე ვთქვი, რომ ხატვა და ხელსაქმე სტრესის მოსახსნელად  მჭირდებოდა – რაც მეტი ჭრელი და ნათელი ფერია, მით უკეთესად ვგრძნობ თავს. ამიტომ ყველაფერი ჭრელია. არასოდეს დამიგეგმავს, ახლა დავჯდები და ამას დავხატავ-მეთქი. უბრალოდ ვჯდები და მერე თავად მოდის იდეა. ასეა ქსოვის დროსაც.
– მანდალები და ორნამენტები…  გამორჩეულია თქვენი ეს ჩანთები…
– ქსოვით, უმეტესად, „ბებოს კუბიკებს” ვქსოვ. ესეც ალბათ სიჭრელის გამო. მოკლედ ეს ყველაფერში ჩემს ფსიქოლოგიურ  განწყობას გამოხატავს.
ზოგადად ყველა მოდელის საწყისი სადმე მინახავს. როგორც აღვნიშნე, სწავლის პროცესში ვარ და ჯერ არ ვუთამამდები. თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ. ბამბუკის ოთხკუთხედი ჩანთები და ქუდი ვარდებით არსაიდან ამიღია. თავად გავაკეთე.
ყოველთვის მომწონდა მანდალები. ძირითადად, მანდალებს ვხატავ. თიხის გულსაკიდების კეთება ასევე მანდალებით დავიწყე. ყველა ჩემია, მანდალა მაგით არის გამორჩეული – მიუხედავად სიმრავლისა, მსოფლიოში ორი ერთნაირი მანდალა არ არსებობს…
ჩემი ნამუშევრებიდან გამოვარჩევდი ხის მრგვალ ჩანთას გამოჭრილი სახელურით, ასევე მანდალით. ბოლოს დავიწყე კეთება და დიდი მოწონება დაიმსახურა. გადავწყვიტე, რომ მანდალის ნაცვლად ძველი ქართული ორნამენტები გამომეყენებინა, თუმცა არ დამცალდა.
– მომხმარებლებს უფრო მეტად მაინც რომელი ნამუშევრები მოსწონთ?
– მომხმარებელს ყველა თანაბრად  მოსწონს, რადგან ვცდილობ, ის გავაკეთო, რასაც თავადაც დიდი სიამოვნებით ვატარებდი. ამიტომ თითოეულ ნაკეთობაში გულს ვდებ.
– გამოფენა…
– გამოფენა არ მქონია. სულ რამდენიმე თვე ვიმუშავე. მუშაობაც არ ჰქვია, ვისწავლე და დღესაც სწავლის პროცესში ვარ. ვფიქრობდი პატარა „ბუტიკის” გახსნას…
ახლა, როგორც აღვნიშნე, ჩემი ერთადერთი შვილი ავად არის. მისი მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფოდ მომიწია ქვეყნის დატოვება. მას ცოტა ხანში ურთულესი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ამჟამად მხოლოდ ამაზე ვარ ორიენტირებული. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ცხადია, დავუბრუნდები ხელსაქმეს და დაწყებულ საქმეს დავასრულებ (გავაგრძელებ).
პროფესიით იურისტი ხართ…
– წოდებით კაპიტანი ვარ. ყოველთვის იურიდიულ საქმიანობას ვეწეოდი. მრავალი წელი პოლიციაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ვიმუშავე. ვარ ორი ორდენის კავალერი… არასოდეს აზრადაც არ მომსვლია, რომ როდესღაც რამე ხელსაქმეს დავიწყებდი. „არასოდეს უნდა თქვა – „არასოდეს“… ცხოვრება სიურპრიზებით სავსეა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები