28 მაისს სომხეთსა და აზერბაიჯანში რესპუბლიკის დღე აღინიშნება

სომხეთი და აზერბაიჯანი 28 მაისს რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ.

1917 წელს რუსეთის იმპერიაში მეფის ერთმმართველობის დამხობის შედეგად, ქვეყანაში ცარიზმის მიერ შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობის წინააღმდეგ ხალხთა ეროვნული მოძრაობა დაიწყო. 1918 წლის 28 მაისს შეიქმნა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა, რომელმაც იარსება 1920 წლამდე და იყო პირველი მუსლიმური აღმოსავლეთის დემოკრატიული სახელმწიფო.

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ტიფლისში გამოაცხადა, მეფისნაცვლის სასახლეში. აქ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებსა და ხალხებთან მეგობრულ ურთიერთობებს ატარებდა, აზერბაიჯანულმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თანაბარი უფლებებით უზრუნველყო ყველა – განურჩევლად ეროვნული კუთვნილებისა, რელიგიისა, კლასისა და გენდერისა.

1920 წლის 28 აპრილს აზერბაიჯანში საბჭოთა კავშირი შეიჭრა, რის შედეგადაც რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა დაკარგა, თუმცა, 1991 წელს საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანმა კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

იდენტური მდგომარეობა იყო მეზობელ სომხეთში, სადაც ასევე 1918 წლის 28 მაისს გამოცხადდა დამოუკიდებლობა.

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. 1918 წლის 10 თებერვალს ტიფლისში მოიწვიეს ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც იმავე წლის 9 აპრილს გამოაცხადა ამიერკავკასიის რუსეთიდან გამოყოფა.

თუმცა, გაერთიანებულმა ამიერკავკასიამ დიდხანს ვერ იარსება. 1918 წლის 26 მაისს, ”იმის გათვალისწინებით, რომ ომისა და მშვიდობის საკითხზე გამოიკვეთა ფუნდამენტური განსხვავებები ხალხებს შორის, რომლებმაც შექმნეს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა”, სეიმმა განაცხადა ამიერკავკასიის დაშლის შესახებ და გადადგა. იმავე დღეს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 28 მაისს გამოცხადდა სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა.

სომხეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან მეორე დღეს მისი დელეგაცია ბათუმში ჩავიდა და თურქეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები დაიწყო. 4 ივნისს ხელი მოეწერა 1918 წლის ბათუმის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, თურქეთმა სომხეთის დამოუკიდებლობა ცნო იმ ტერიტორიაზე, რომელიც იმ დროისთვის სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებაში იყო.

1920 წლის სექტემბერში თურქეთი სომხეთში შეიჭრა და დაიწყო თურქეთ-სომხეთის 1920 წლის ომი, რომელიც იმავე წლის 2 დეკემბერს დასრულდა რუსეთსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, რომლის მიხედვით სომხეთი საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები