კეთილი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა – გამომძიებლის მიერ შედგენილი მერაბ კოსტავას დახასიათება

მერაბ კოსტავას საქმეში გამომძიებლის მიერ დაწერილი დახასიათება დევს.

„კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია.

ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს. ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია.

შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა. არავის ენდობა. სარგებლობს პატივისცემით. შეუძლია აღელვებული პატიმრის დამშვიდება.

არ აღიარებს დანაშაულს.

დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია. იტანს შიმშილს. იწონის 67 კგ. წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად ან ბუნტის დროს“.


ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა.  1974 წლიდან ტრაგიკულ გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი. კოსტავა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს. საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმა დააპატიმრეს და გადაასახლეს.

მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. იგი აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის – 1989 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავამ განაცხადა: „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ“.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოავარიის დეტალები და გამომწვევი მიზეზები დღემდე კამათის საგანია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები