ბინების ძარცვის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. “კურიერის” ინფორმაციით, ბრალდებულთაგან რამდენიმე თელავიდან არის, ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის გამოძიებულია ქურდობის 18 შემთხვევა – მოპარული ნივთების საერთო ღირებულება კი 190 ათას ევროს აჭარბებს.
დაკავებულთა უმრავლესობას, რომელთა შორისაც ქალებიც არიან, ასევე, ოფიციალური ცნობით, მსგავსი დანაშაულისთვის ბრალი ადრეც აქვთ წაყენებული.
დაკავებულები ძირითადად პაგრატის, კაისარიანისა და ზოგრაფუს რაიონებს ძარცვავდნენ. ჩხრეკისას ამოღებულია დიდი რაოდენობით სამკაულები, ვერცხლის ჭურჭელი, საათები, ბრენდირებული ტყავის ნაწარმი, ელექტრონული მოწყობილობები, ლეპტოპები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ალკოჰოლური სასმელი, მობილური ტელეფონები, ქვითრები, ფულადი გზავნილების ბარათები, ავტომობილები და თანხა.