როგორ მალავს რუსეთის ხელისუფლება გარემოს მასშტაბური დაბინძურების ფაქტებს

რამდენიმე დღის წინ რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში „ტაიმირის საწვავის კომპანიის“ დაზიანებული რეზერვუარიდან დიზელის საწვავის გადინება მოხდა, რომლის მოცულობა 20 ათასი კუბომეტრია. კომპანია, რომლის კუთვნილი რეზერვუარი დაზიანდა და რამაც გარემოს ასეთი დაბინძურება გამოიწვია,  „ნორნიკელის“ შვილობილია.  გასულ წელს სწორედ „ნორნიკელის“ საწარმოდან 21 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების გაჟონვა მოხდა – რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ადგილობრივი და მსოფლიო ეკოლოგების ჩარევის შემდეგ აღიარა მომხდარი და შემდეგ დაიწყო  რეაგირების მოხდენა. არქტიკულ ოკეანეში შემავალი მდინარეები წითლად იყო შეღებილი, განადგურდა ადგილობრივი ფაუნა, საბოლოოდ კი გარემოსთვის მიყენებული ზიანი სასამართლომ 146 მილიარდ რუბლად შეაფასა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიგანტმა „ნორნიკელმა“, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ბიზნესმენს ეკუთვნის, სცადა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ბევრად ნაკლებ თანხად – 29 მილიარდად შეეფასებინა, იმის მიუხედავად, რომ სწორად მას ეკისრებოდა მომხდარზე პასუხისმგებლობა. მეცნიერული ანალიზის დასკვნით ცნობილი გახდა, რომ 6 ათასი ტონა საწვავი გრუნტში ჩავიდა, ხოლო დანარჩენი 15 ათასი ტონა – წყალსაცავებში. დაბინძურების მთლიანი ფართობი 190 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.

ამას გარდა, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა კომის რესპუბლიკაში, ნავთობსადენზე მომხდარი ნავთობპროდუქტების გადინების შესახებ. თავდაპირველად, ნავთობსადენის მფლობელმა „ლუკოლ-კომიმ“ განაცხადა, რომ მომხდარის გამო ნიადაგში  მხოლოდ 7 ტონა ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა, თუმცა, 15 მაისს კომპანიამ აღიარა, რომ  90 ტონაზე მეტია ჩაღვრილი. მომხდარის გამო ქალაქ უსინსკის მერმა, ნიკოლაი ტაკაევმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. „ნოვაია გაზეტა“-სთან საუბარში ერთ-ერთი ეკოლოგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაბინძურების ფართობი 12 ათას კვადრატულ კილომეტრს აღემატება, მდინარე კოლვის გარდა კი ამ რესპუბლიკის უფრო მსხვილი ორი მდინარეც დაბინძურდა. ეს ის მდინარეებია, რომლებსაც ადგილობრივები თევზის რეწვისთვის იყენებენ. და კვლავ მეორდება ის, რაც უკვე რუსეთის ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის სავიზიტო ბარათია -„ეხო მოსკვისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ნავთობპროდუქტების გადინება ჯერ კიდევ აპრილში მოხდა, თუმცა, ხელისუფლებამ და კომპანიამ ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს. მათ საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ 11 მაისს გამოაცხადეს, მას მერე – რაც მომხდარი დამოუკიდებელმა ეკოლოგებმა დააფიქსირეს და საფრთხე უკვე დასახლებულ პუნქტებს შეექმნა.

ბუნების მსოფლიო ფონდის ( WWF) ექსპერტები თვლიან, რომ კომისა და ნენეცკის ოლქების საზღვარზე მომხდარი ეს გაჟონვა ჯერ კიდევ მარტში მოხდა. ისინი ამ დასკვნამდე კოსმოსიდან გადაღებული გამოსახულებების მიღების შედეგად მივიდნენ.

როგორც ჩანს, კრემლს არც ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფის ან წარსულის სხვა მძიმე მაგალითებიდან არ სურს დასკვნების გამოტანა. მისთვის და მისი ბიზნეს გარემოცვისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ამოწურვა და გამოყენებაა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

ლელა გვალია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები