ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას, სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად მიმოიხილა 2020 წელს დასრულებული საქმეები, მიმდინარე ქეისები, წლის სტატისტიკური მონაცემები, განხორციელებული რეფორმები, აქტივობები და სამომავლო – სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები.
„მიმდინარე პერიოდში, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის მანდატის ხარისხი და მომართვიანობის სტატისტიკა გაზრდილია. პანდემიის მიუხედავად, უწყებამ 2020 წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ჰქონოდა ეფექტური, DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, სრულყოფილი კანონმდებლობა გასულ წელს წარმატებით შესრულდა. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ამსახველი საუკეთესო მაგალითია.
ძალაში შევიდა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს რეალობისთვის სიახლეა და მიზნად ისახავს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებისა და ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან დამცავი ინსტრუმენტის შემოღებას. განხორციელდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში ცვლილებები, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გამართული ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე, პარლამენტში დაინიცირებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტი, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც სააგენტო განისაზღვრება. დუკუმენტი ევროდირექტივების სრული დაცვით არის მომზადებული და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას. 2020 წელს, 7 ბაზრის მონიტორინგიდან დასრულდა 5. დაკვირვების ქვეშ რჩება ფარმაციისა და საავტომობილო ბაზრის მონიტორინგები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, COVID 19- ის გავლენის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მონიტორინგის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შუალედური ანგარიშების გამოქვეყნება.
საანგარიშო პერიოდში, დავასრულეთ 3 საქმის მოკვლევა. სამივე შემთხვევაში, ორივე მხარეს, ბიზნეს სუბიექტები იდგნენ და, ვფიქრობ, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მივიღეთ. ერთ შემთხვევაში დამტკიცდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მოპასუხეს კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია დაეკისრა. ორ შემთხვევაში დადგინდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი”, – განაცხადა სხდომაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ირაკლი ლექვინაძემ ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. მათ შორის, 2021 წლის პირველი კვარტალის პერიოდში – მიმდინარე და დასრულებული საქმეების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის წარდგენა 24 მაისს არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები