კახა კუჭავა: წელიწადზე მეტია, ვებრძვით პანდემიას, გამოწვევის ღირსეულად გამკლავებისთვის საჭიროა საერთო კონსენსუსი
„წელიწადზე მეტია, ვებრძვით პანდემიას. ხელისუფლებამ ყველა რესურსი გამოიყენა, პირველ ყოვლისა, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად და, ამავდროულად, ზრუნავდა ეკონომიკის გაძლიერებაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოწვევის ღირსეულად გამკლავებისთვის საჭიროა საერთო კონსენსუსი.
„წელიწადზე მეტია, ვებრძვით პანდემიას, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მთელს მსოფლიოს და, მათ შორის, ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებამ ყველა რესურსი და ინსტრუმენტი გამოიყენა, პირველ ყოვლისა, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად და, ამავდროულად, ზრუნავდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ეკონომიკის გაძლიერებასა და კოვიდ-პანდემიით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე. პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რისი დაძლევაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ მასშტაბის გამოწვევასა და ღირსეულად გამკლავებას სჭირდება საერთო კონსენსუსი და ქვეყნის ინტერესებით გაჯერებული, მიზნობრივი კონსოლიდებული გეგმა. დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. გამოწვევების ღირსეულად გამკლავება კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.