‘’Routes Reconnected”- ონლაინ ავიამიმართულებების განვითარების ფორუმი გაიმართება

26-29 აპრილს ‘’ROUTES Reconnected“ ონლაინ ავიამიმართულებების განვითარების ფორუმი გაიმართება. ფორუმზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური ავიაფორუმი შარშან მსოფლიო ლოქდაუნის გამო არ გამართულა. წელს კი ფორუმი ონლაინ რეჟიმში იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროპის 106 აეროპორტი და 116 ავიაკომპანია. ფორუმის ორგანიზატორების განცხადებით, პანდემიის შემდეგ, ეს არის პირველი მცდელობა, რომ მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია კვლავ შეიკრიბოს და არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელოს. საუბარი შეეხება პანდემიის ფონზე აეროპორტების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერის ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, მსოფლიო პანდემიის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა საავიაციო სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავს პლატფორმებში მონაწილეობის მიღება. ,,ფორუმზე ჩვენს პარტნიორ ავიკოამპანიებთან და აეროპორტებთან მიმოვიხილავთ საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ასევე მივაწოდებთ ინფორმაციას უკვე აღდგენილ მიმართულებებთან დაკავშირებით და ვისაუბრებთ სამომავლო პერსპექტივებსა და გეგმებზე. პანდემიის ფონზე ფაქტობრივად, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლები პირველად ვიკრიბებით და 2021 წელს ავიაციის აღდგენისა და სამომავლო გემგებზე ვიმსჯელებთ,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

პანდემიის ფონზე მიმდინარე ოთხდღიან ავიაფორუმზე აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის, ონლაინ შეხვედრები და სხვადასხვა ტიპის პანელები გაიმართება. რათა საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიამიმართულებებს. ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევები, რომელიც პანდემიამ მოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები