ყველაზე ეფექტური იარაღი პანდემიის დასასრულებლად – რა არის და როგორ შეიქმნა კორონავირუსის ვაქცინა

ეპიდემიებთან ბრძოლის ისტორიას თუ გადავხედავთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სპეციალისტებმა ყველაზე მოკლე დროში შექმნეს. ეს ფაქტი, შეიძლება ითქვას, რომ დამაიმედებლად ჟღერს და პანდემიის მალე დასრულების შესაძლებლობას იძლევა.

მართალია, კოვიდ-19-ის პანდემიის დასამარცხებლად მეცნიერებმა უკვე რამდენიმე ეფექტური ვაქცინა შექმნეს, თუმცა, ქვეყნების უმრავლეობას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ანტიდოტი, რომ სრულად მოიცვას მოსახლეობა და მხოლოდ ზედმიწევნით გაწერილ ვაქცინაციის გეგმას მიყვება, რაც, პირველ ყოვლისა, რისკ ჯგუფების ვაქცინაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი ელოდება, თუ როდის დადგება მათი ჯერი.

მსოფლიოში პირველი ვაქცინაცია ედუარდ ჯენერის სახელს უკავშირდება. მან 1796 წელს 8 წლის ბიჭს ძროხის ყვავილით გამოწვეული დაზიანებული კერიდან მიღებული ინექცია შეუყვანა, ლუის პასტერმა კი 1885 წელს ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი 9 წლის ბიჭი აცრა.

ახალი კორონავირუსის, კოვიდ-19-ის გავრცელება, თავდაპირველად, 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში შეინიშნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უცნობი ტიპის ვირუსის შემთხვევის შესახებ პირველი შეტყობინება ჩინეთიდან 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო.
2020 წლის 11 მარტის მონაცემებით, 100 000-ზე მეტი ადამიანი იყო დაინფიცირებული ახალი ვირუსით, მსოფლიოში გავრცელების მასშტაბების გამო კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადების გავრცელებას პანდემიის სტატუსი მიანიჭა. ვირუსისგან გამოწვეული საფრთხიდან გამომდინარე, რაც მთელს მსოფლიოს დაეუმუქრა, მალევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიებმა ვაქცინის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.

როგორ იქმნება ვაქცინა – ლაბორატორიებში, რომლებიც მუშაობენ ანტივირუსებსა და ვაქცინებზე, მუდმივად შეისწავლიან ახალ შტამებს. მეცნიერები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ათანხმებენ კვლევების მონაცემებს და ამის შემდეგ იწყება ვაქცინაზე მუშაობის პროცესი.
პირველ ყოვლისა, ბიოლოგები ამრავლებენ ვირუსის ნაწილაკებს, რომლებიც შემდეგ ანტიგენები გახდებიან. ვირუსის გამრავლების პროცესი მიმდინარეობს ქათმის კვერცხში ან ბიორეაქტორებში.
ვირუსი შეყავთ კვერცხში და შემდეგ ბეჭდავენ პარაფინით. ორი დღის შემდეგ ვირუსი გამრავლდება და კვერცხში მისი 10 მილიონზე მეტი ნაწილაკი იქნება.
იმისათვის, რომ ბიორეაქტორში ვირუსი გამრავლდეს, საჭიროა ტემპერატურის, PH შკალისა და სტერილურობის კონტროლი. ნაწილაკების გამრავლება. ამ შემთხვევაში, 3 დღიდან 3 კვირამდე ვადაში ხდება, ნაწილაკები კი არააქტიურები ხდებიან, ასე ვირუსი ცოცხალი უჯრედების ინფიცირებასა და გამრავლებას ვერ შეძლებს.
ბიორეაქტორებიდან გამოიყოფა ათასამდე ლიტრი ‘სუფთა’ ცილა, როლებიც ანტიგენებს – ვაქცინის აუცილებელ ინგრედიენტებს წარმოადგენენ. შემდეგ მათ ემატებათ დამხმარე ნივთიერებები ორგანიზმის იმუნური უნარების გასაძლიერებლად.
მზა ვაქცინა გადის ხარისხის შემოწმების რამდენიმე ეტაპს – თითოეული პარტიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აღებული ეგზემპლარები იტესტება და ასე დგინდება, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა. თუ რომელიმე მათგანი გახარვეზდა – მთლიანი ‘პარტიის’ დისტრიბუცია უქმდება.
ვაქცინის შექმნის პროცესი შეიძლება – წლობით გაგრძელდეს, თუმცა, კოვიდვირუსის ვაქცინა ყველაზე მცირე დროში შეიქმნა.

კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მუშაობის პროცესი ერთგვარ რბოლას დაემსგავსა, თუმცა, მას შეჯიბრის სახე არ მიუღია – მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდა, რათა სამყაროში გამძვინვარებული პანდემია დროულად დასრულდეს.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კოვიდ ვაქცინის სწრაფად დამზადებას ხელი ამავე ვირუსის განსხვავებულ შტამზე მუშაობის მინდინარე პროცესმა შეუწყო. კორონავირუსი კაცობრიობისთვის „ახალი ხილი“ არ ყოფილა. იგი 2012 წელსაც გავრცელდა, თუმცა, მაშინ მას შედარებით დაბალი სიცოცხლისუნარიანობა ჰქონდა. ვაქცინის შექმნაზე 2012 წელს დაწყებულ პროცესში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები მონაწილეობდნენ. შედეგად, უკვე არსებულის ერთგვარი ბაზის გამო, ახალი ვაქცინის დამზადება რეკორდულად მცირე დროში მოხერხდა.

კოვიდ-ვაქცინის შექმნის პროცესი, პირველ ყოვლისა, ვირუსის გენეტიკური კოდის რეკონსტრუქციას მოიაზრებდა, რის შემდეგაც მისი დეტალური შესწავლა იქნებოდა შესაძლებელი. რობინ შატოკის, ერთ-ერთი ბრიტანელი ბიოლოგის თქმით, ვაქცინის 200-მდე ეგზემპლარი დამზადდა, ტესტირების ყველა ეტაპი კი მხოლოდ რამდენიმე ერთეულმა გადალახა.
კომპანია ,,მოდერნას,, ვირუსის გენეტიკური კოდის შესწავლიდან დაახლოებით ერთ თვეში ჰქონდა ვაქცინის პროტოტიპი, 23 აპრილს კი ოქსფორდელმა მეცნიერებმა ტესტირების კლინიკური ეტაპი დაიწყეს.
პირველ ივლისს კი Pfizer-მა და BioNTech-მა პირველებმა წარადგინეს ვაქცინის ტესტირების შედეგები, რომლებსაც დადებითი იმუნური რეაქცია ჰქონდათ,
2 დეკემბერს კი Pfizer-ის ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული პირველი ვაქცინა გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ვაქცინა მალევე გამოჩნდა, მეცნიერებს სამუშაო პროცესი არ შეუჩერებიათ, სხვადასხვა კომპანია კვლავ მუშაობს ეფექტური ვაქცინის დამზადებაზე და ბაზარზეც ახალი ანტიდოტები ჩნდება. თუმცა, ვიდრე პრეპარატი ჩვენამდე მოვა, მან კვლევებისა და შეფასების რთული გზა უნდა გაიაროს, მოგვიანებით კი საბოლოო წერტილი პროცესს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა დაუსვას.
ვაქცინაციის პროცესი მსოფლიო მასშტაბით დაიწყო და ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ტემპით მინდინარეობს. ცხადია, ვაქცინასაც, როგორც ყველა სხვა პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენები. არსებობს მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელსაც მოსახლეობას ჯანდაცვის სპეციალისტები აძლევენ, მაგალითად ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავონ ალერგიული ფონის მქონე პირებმა. ასევე, აცრა შესაძლებელია 18 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის.
თუმცა, აცრა არის ის ერთადერთი, ყველაზე ეფექტური და მოქნილი საშუალება, რაც კაცობრიობას კიდევ ერთი ეპიდემიის დასრულების,  დამარცხების საშუალებას მისცემს.

ბონუსად: ეს ისრაელია, სადაც მოსახლეობის 60% უკვე ვაქცინირებულია. ისრაელი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო პანდემიის პერიოდში ყველაზე ადრე, ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ეს ყველაფერი სწორედ ვაქცინაციის “დამსახურებაა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები