ჩეხეთი რუსეთში საელჩოს შემადგენლობას დიპლომატიურ მისიამდე ამცირებს
“ჩეხეთი რუსეთში ქვეყნის საელჩოს შემადგენლობას მოსკოვში დიპლომატიურ მისიამდე შეამცირებს”, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულგანეკმა.
ამასთან, სავარაუდოა, რომ პრაღამ ქვეყნიდან შესაძლოა, დამატებით კიდევ 60 რუსი დიპლომატი გააძევოს. ამჟამად, მას რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი ჰყავს პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული.
გასულ კვირას ჩეხეთმა რუსეთი 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებაში დაადანაშაულა. ეჭვმიტანილებს შორის დასახელებულინი არიან გრუ-ს თანამშრომლები – ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომლებსაც ლონდონი ეძებს სკრიპალების მოწამვლის საქმეზე.
საპასუხოდ, მოსკოვმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა, რაც დიპმისიის თითქმის 2/3-ს წარმოადგენს. ამის შემდეგ პრაღაში განაცხადეს, რომ ასეთ რეაგირებას არ მოელოდნენ და 60 დიპლომატის გაძევება დააანონსეს.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ ჩეხეთთან, სოლიდარობის ნიშნად, ქვეყნიდან რუს დიპლომატებს ლიეტუვაც გააძევებს.