მსოფლიო ეპიდემიების ისტორია – ბიბლიაში აღწერილი ჭირის დაავადებიდან კორონავირუსამდე
კაცობრიობისა და ეპიდემიების ისტორია შეიძლება ითქვას, რომ დასაბამითგან ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ინფექციები ანადგურებდნენ ერებს, საზღვრავდნენ მსოფლიო ისტორიის სვლას, ზემოქმედებდნენ სავაჭრო კავშირებზეც კი და, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდნენ მედიცინის განვითარებას.
დღემდე კაცობრიობამ მრავალი პანდემია გაიარა, რა დაავადებები გვემუქრებიან კვლავ და რომელ ვირუსს დაუპირისპირდებიან ექიმები მომავალში?! – ეს ის საკითხებია, რომლებიც დღესაც აქტუალურია.
ჭირით დაავადების პირველი შემთხვევა ბიბლიაშია აღწერილი და იგი ძველი წელთაღრიცხვით 1200 წლით თარიღდება. ჭირმა პალესტინის ზღვისპირა მოსახლე ფილისტინელები იმსხვერპლა. ფილისტინელებმა დაავადება ისრაელში გაავრცელეს.
ქოლერაზე, ჰიპოკრატე ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში წერდა, თუმცა იმ პერიოდის მონაცემები დიდად არ შემონახულა. ცნობილია ის, რომ ჭირი ვირთხებმა გაავრცელეს.
პირველი „ოფიციალურად დარეგისტრირებული“ ჭირის პანდემია ჩვენი წელთაღრიცხვით 541 წელს იუსტინიანე პირველის იმპერატორობის დროს დაფიქსირდა და მან „იუსტინიანეს ჭირის“ სახელწოდება მიიღო. დაავადების წყარო ეთიოპიაში დაფიქსირდა, ამის შემდეგ იგი საზღვა სანაოსნო გზით გავრცელდა კონსტანტინოპოლში და მოიცვა ახლო აღმოსავლეთი. ეპიდემიის პიკი 544 წელს დაფიქსირდა – ყოველდღიურად 10 ათასამდე ადამიანი იღუპებოდა. „იუსტინიანეს ჭირის“ მსხვერპლი მილიონობით ადამიანი გახდა.
მე-6 მე-8 საუკუნეებში იფეთქა ჩუტყვავილას პანდემიამ, სიკვდილიანობა დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენდა. გამოჯანმრთელებულები კი ან სრულად ან ნაწილობრივ კარგავდნენ მხედველობას, სახე კი იარებით ეფარებოდათ. 737 წელს ჩუტყვავილამ იაპონიის მოსახლეობის 30 პროცენტი იმსხვერპლა. პირველი სამედიცინო მოსაზრებები ამ დაავადებასთან დაკავშირებით მე-9 საუკუნეში სპარსმა მეცნიერმა აზრაზიმ გააჟღერა.: იგი დააკვირდა ფაქტს, რომ ჩუტყვავილით მეორედ დაავადების შემთხვევა არ ფიქსირდებოდა, სამკურნალოდ კი ფუსტულადან აღებული სითხის გამოყენება იქნა შესაძლებელი.
1096 – 1270 წლებში ეგვიპტემ ჭირის გამო მოსახლეობის ნახევარი დაკარგა, მეთოთხმეტე საუკუნე კი შეიძლება ითქვას, ამ პანდემიის აყვავების პერიოდი გახდა. სამყარო შავმა ჭირმა მოიცვა, მას ბუბონური ფორმა ჰქონდა. ევროპა ამ პერიოდში იტანჯებოდა მოსავლის ნაკლებობით, ომიანობით, კატაგლიზმებითა და ანტისანიტარიით. 1346 წელს მონღოლი ვაჭრების დახმარებით დაავადებამ მსოფლიო მასშტაბის ფორმები მიიღო. შავი ჭირის პანდემიამ 60 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ზოგიერთ რეგიონში ჭირმა მოსახლეობის ნახევარი გაანადგურა.
ექიმები ცდილობდნენ პანდემიის შეჩერებას, გამჩნდნენ „ჭირის ექიმებიც“ რომლებიც ნისკარტისებრ ნიღაბს იკეთებდნენ. პანდემიასთან ბრძოლის უმთავრესი ნაბიჯი „საკარანტინე სისტემა“ გახდა, რომელიც პირველად ვენეციურ კუნძულ „ლაზარეტოზე“ გამოიყენეს. კუნძულთან მისული გემი 40 დღით ჩერდებოდა სადგურში და თუ ამ დროის განმავლობაში ჭირი არ ვრცელდებოდა და ეკიპაჟი ისევ ცოცხალი იყო, მათ შეეძლოთ ქალაქში შესვლა.
1485 წელს გავრცელდა „ინგლისური ოფლის“ სახელით ცნობილი პანდემია – ინფექციური დაავადება, რომელიც დღემდე არ არის ბოლომდე შესწავლილი, ინგლისში ჰენრიხ ტიუდორის დაქირავებულ მეომრებს მოჰყვა. ერთი თვის განმავლობაში ლონდონში რამდენიმე ათასი ადამიანი გარდაიცვალა და შემდეგ, ისევე მოულოდნელად ჩაცხრა როგორც გაჩნდა. თუმცა 1507 და 1517 წლებში დაავადებამ კვლავ იფეთქა ოქსფორდსა და კემბრიჯში. მან მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა.
1495 წელს დადგინდა სიფილისის პირველი ეპიდემია, რომელიც, გავრცელებული მოსაზრებით, კოლუმბის მეზღვაურებმა შეიტანეს ევროპაში. იტალიიდან დაწყებულ ეპიდემიას 5 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის შესწავლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იტალიელი ექიმის, ფრაკასტოროს წიგნი გახდა, რომელშიც მან დაადასტურა დაავადების გავრცელების გზა, რისი წყალობითაც კლასტერების დადგენა გამარტივდა.
1521 წელს ჩუტყვავილა ევროპიდან ამერიკაში გადავიდა, დაავადების გავრცელებას აბორიგენები ემსხვერპლნენ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით კონკისტადორები სპეციალურად ავრცელებდნენ დაავადებას ინდიელებს შორის 1560 წელს კი ეპიდემიამ ბრაზილიაშიც ჩააღწია.
1816-1818 წლებში მძვინვარებდა ქოლერის პანდემია, იგი ინდოეთიდან მოედო ჩინეთს, თურქეთს, იმიერკავკასიას და ევროპის ნაწილს. ქოლერამ მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა. პანდემია ანომალიურმა ყინვამ გააჩერა, თუმცა 1828 წელს დაავადება ისევ გავრცელდა და 5 წლის განმავლობაში მძვინვარებდა ევროპაში, იაპონიასა და ამერიკაში.
ლონდონელმა ექიმმა ჯონ სნოუმ, 1854 წელს გამოიკვლია, რომ ქოლერას გავრცელებას ხელს უწყობს ჭუჭყიანი წყალი. მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა, ქალაქში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა და დაავადების გავრცელება შემცირდა.
1883 წელს კი რობერტ კოხმა აღმოაჩინა ქოლერის ვიბრიონი, ანუ დაავადების ჩხირის ფორმის ბაქტერია, რამაც მკურნალობასთან დაავადებას ჩაუყარა საფუძველი.
კიდევ ერთი სასიკვდილო ეპიდემია 1918 წელს გავრცელდა. იგი ცნობილია ესპანური გრიპის სახელით. ეს გრიპის ახალი შტამი იყო, რომლისთვისაც ადამიანის ორგანიზმი არ იყო მზად. ეპიდემიამ პირველი მსოფლიო ომის მიწურულს დაიწყო გავრცელება. დაავადება დედამიწის მოსახლეობის 30-მა პროცენტმა გადაიტანა, გარდაიცვალა 100 მილიონამდე ადამიანი.
1976 წელს დაფიქსირდა ებოლას პირველი შემთხვევები. დაავადების სახელი გავრცელების ადგილთან, ებოლას მდინარესთან არის დაკავშირებული. 1977 წლის 26 ოქტომბერს ამ დაავადების მქონე უკანასკნელი ადამიანი დააფიქსირეს, 1980 წელს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ებოლა დამარცხებულია.
1981 წელს კი დაიწყო შიდსის ეპიდემია, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით დღეისათვის 32 700 000 ადამიანია გარდაცვლილი, 40 მილიონი ადამიანი კი ამ დაავადებით ცხოვრობს. შიდსის წამალი არ არსებობს, თუმცა არის პრეპარატები, რომლებიც დაავადებულებს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას აძლევს.
2003 წელს გავრცელდა ჩიტის , 2009 წელს კი ღორის გრიპი; 2014 წელს ებოლამ კვლავ იფეთქა.
2019 წლის დეკემბერში კი სამყაროს კორონავირუსი დაატყდა თავს, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, დაწყებულ ეპიდემიას თავდაპირველად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საფრთხედ არ აღიქვამდნენ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამყაროს თავს ერთ-ერთი ძლიერი პანდემია დაატყდა.
კორონავირუსის პანდემია ჩვენი დროის გლობალური ჯანმრთელობის კრიზისია. მისი გამოჩენის შემდეგ, ვირუსი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე გავრცელდა. საჭირო გახდა განსაკუთრებული ზომების მიღება. უმრავლეს ქვეყნებში გამოცხადდა ე.წ. ლოკდაუნი და ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქები დაცარიელდა. კორონავირუსმა გავრცელებიდან დღემდე 3 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. თითქმის განადგურდა ტურიზმის სექტორი და უდიდესი ზარალი მიადგა ქვეყნების ეკონომიკას.
საფრთხე რეალურია და ამას უკვე მიხვდა საზოგადოების ის სკეპტიკური ნაწილიც კი, ვისაც თავიდან არ სჯეროდა, თუმცა „სინათლის სხივი“ : ვაქცინა უკვე გამოჩნდა, თანაც არა ერთი. პანდემიის დასრულების ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი, რაც კაცობრიობამ მოიგონა – ვაქცინაციაა. ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც დაწყებულია.