ფრიდონ ინჯია: გუშინ მოხდა ამაზრზენი ფაქტი, ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს – მაშინ იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე
“გუშინ მოხდა ამაზრზენი ფაქტი, ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს – მაშინ იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე”, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების გეგმის ნაწილია.
„ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს, კერძოდ, მე მხედველობაში მაქვს გავრილოვი, მაშინ იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე. რამ გამოიწვია ეს? საიდან მოდის ეს? ეს მოდის 2003 წლიდან, როდესაც როგორც კი მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, გააუქმა ერგნეთის ბაზრობა, გადაკეტა გზები აფხაზეთში, ყველაფერი ეს გადაკეტა იმისთვის, რომ მიეღო ფინანსური მოგება, რა ფინანსური მოგება ჰქონდა, ეს უკვე გამოჩნდა 2008 წელს. ის ომი, რომელიც 2008 წელს იყო, რომელიც მზადდებოდა რუსეთის გარკვეული წრეების მიერ დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში და რომელიც ბრწყინვალედ შეასრულა რუსეთმა იმიტომ, რომ მას ჰყავდა მხარდამჭერები, ბაზა აქ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და ზუსტად ის ხალხი იყო, რომელიც კორექტირებას უკეთებდა, სად დაებომბათ და რომელი ადგილი დაებომბათ“, – განაცხადა ინჯიამ.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დღეს დილით დატოვა.