გიგა ბოკერია: ყველა ის პუნქტი, რომელიც მოიყვანა პრეზიდენტმა მიშელმა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენიმე პუნქტია, რომელიც საკვანძოა ახლავე – ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები
“ყველა ის პუნქტი, რომელიც მოიყვანა პრეზიდენტმა მიშელმა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენიმე პუნქტია, რომელიც საკვანძოა ახლავე – ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, კრიზისიდან გამოსვლა დაიწყება მხოლოდ იმ შეთანხმებით, რომლის კომპონენტებიც საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში აღწერეს და რომელიც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტს ეყრდნობა.
„ჩვენ გვაქვს მოქნილი, მაგრამ პრინციპული პოზიცია. მოქნილი იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება კომპრომისი, შეთანხმება და ამ კრიზისიდან გამოსვლის დაწყება. პრინციპული იმიტომ, რომ ამას ვერ მოიტანს ნებისმიერ რამეზე შეთანხმება, ამას მოიტანს მხოლოდ ის შეთანხმება, რომლის კომპონენტებიც ჩვენ აღვწერეთ იმ წერილში, რომელიც საჯაროდ გამოვაქვეყნეთ და რომელიც ეყრდნობა პრეზიდენტ მიშელის მიერ შეჯერებულ დოკუმენტს. იქ მკაფიოდ არის ყველაფერზე საუბარი.
სწორედ ამიტომ, მკაფიოდ გვიწერია წერილში ამ პუნქტებზეც ის, რისი ციტირებაც მოკლედ თქვენ მოახდინეთ. ბუნებრივია, ეს კრიზისი შეიქმნა ბევრი ფაქტორის გამო, მთელი ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიტაცების გამო. ამ ყველაფრის ბოლო ფაზა გავრილოვის ღამის შემდეგ იყო რეპრესიები და შემდეგ უკვე ამ რეპრესიების და სხვა მანიპულაციების მეშვეობით მიიტაცა და შეინარჩუნა მან ძალაუფლება. ჩვენ წერილში ჩამოთვლილი გვაქვს გამოყენებული ყველა უკანონო მეთოდი. აქედან გამომდინარე, ყველა ის პუნქტი, რომელიც მოიყვანა პრეზიდენტმა მიშელმა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენიმე პუნქტია, რომელიც არის საკვანძო ახლავე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პროცესის გასახსნელად, ასეთი არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები. ჩვენი პოზიცია ეყრდნობა იმას, რაც გითხარით. ეს ყველაფერი წარმომიდგენია, როდესაც გონს მოვა ივანიშვილის რეჟიმი და მიხვდებიან, რომ ამ ვითარებას ვერ ინარჩუნებენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წუთებში კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას მართავენ.